Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძე: ღია კაფეებს მივცემთ საშუალებას დროებით მაგიდები მუნიციპალურ ფართებზეც განათავსონ


თბილისის მერის კახა კალაძის თანახმად, მიღებულია გადაწყვეტილება ღია კაფეებმა შეზღუდვების მოხსნამდე დროებით მიმდებარე მუნიციპალური ტერიტორიაც გამოიყენონ და მაგიდები თავიანთი საკუთრების გარეთაც განათავსონ:

„ანუ გეძლევათ დროებით იმის შესაძლებლობა, რომ მუნიციპალური ფართები გამოიყენოთ, გამოხვიდეთ და ისე განათავსოთ თქვენი მაგიდები, რომ არ მოექცეთ მხოლოდ თქვენივე საკუთრებაში.

შეგიძლიათ მაგიდები გაშალოთ ისე, რომ დაიცვათ ეს სოციალური დისტანცია, დაიცვათ ის მითითებები, რაც არის ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლში გაწერილი. ეს არის დროებითი ღონისძიებები მანამ, სანამ ვართ ამ რთულ ვითარებაში. იმისთვის რომ დაგეხმაროთ ხელი შეგიწყოთ“, - განაცხადა დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე თბილისის მერმა კახა კალაძემ.

მისი განმარტებით, ამ გადაწყვეტილების მიღების მიზანია, რომ მაგიდებს შორის დისტანციის დაცვის ვალდებულების პირობებში, ღია კაფეებმა შეძლონ მეტი რაოდენობის მომხმარებლის მიღება და მომსახურება.

პირველი ივნისიდან საქართველოში ღია ტიპის რესტორნები გაიხსნა. ამ ტიპის დაწესებულებებისთვის სავალდებულოა:

  • მაგიდებს შორის არანაკლებ 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა. თუ ამ დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება, შესაძლებელია დროებითი ბარიერის გაკეთება;
  • სკამების საზურგეებს შორის არანაკლებ 1 მეტრის დისტანციის დაცვა;
  • 1 მაგიდასთან 6 კაცზე მეტის დაჯდომა აკრძალულია;
  • გამონაკლისის სახით შესაძლებელია 12 წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება;
  • ბართან სასმლის მომსახურების ნაცვლად, დაწესებულების პერსონალი სტუმარს მაგიდასთან უნდა მოემსახუროს;
  • შენობის გარეთ მაგიდებსა და საფეხმავლო გზას შორის უსაფრთხო დისტანცია უნდა იყოს დაცული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG