Accessibility links

თანხის თაღლითურად დაუფლებისთვის საქართველოში ბრალდება წარედგინა რუსეთის მოქალაქეს


საქართველოს გენერალური პროკურატურის თანახმად, დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზების ფაქტზე სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ვ.ლ და ორი იურიდიული პირი.

როგორც პროკურატურაში განმარტავენ, გამოძიებით დადგენილია, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ვ.ლ.-მ დაარეგისტრირა ვებგვერდი, რომლის მეშვეობითაც სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს, გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, სასურველი ქვეყნის ბინადრობის, მოქალაქეობის და მართვის მოწმობის ლეგალური/კანონიერი გზით მიღებაში სთავაზობდა დახმარებას.

„რეალურად ვ.ლ-ს მსგავსი მომსახურების გაწევა არ შეეძლო, იგი დაზარალებულებს მოტყუებით არიცხინებდა ფულად თანხებს მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საბანკო ანგარიშებზე.
აღნიშნული სქემით, 2017 წლის განმავლობაში, ვ.ლ. მოტყუებით დაეუფლა არარეზიდენტი პირების კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხებს.

დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ თანხებს ვ.ლ. მათი წარმოშობის წყაროს და ნამდვილი ბუნების შენიღბვის, ასევე მათთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით ათავსებდა მის მიერ დაფუძნებული ფიქტიური იურიდიული პირების საბანკო ანგარიშებზე და სხვადასხვა საბანკო ოპერაციების გზით განკარგავდა.

ამ გზით, ვ.ლ.-მ პირადად და მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მეშვეობით მოახდინა 255 782,2 აშშ დოლარის, 22 400 ევროს და 16 500 ლარის ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია“,- აღნიშნავენ პროკურატურაში.

უწყების მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, გამოძიების მსვლელობისას, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების კონფისკაციის მიზნით, დაყადაღებულია სამი საცხოვრებელი ბინა, სამი ავტოფარეხი, ორი ავტომანქანა, 19 920 აშშ დოლარი და 1786 ლარი.

რუსეთის მოქალაქეს ბრალდება 2 ივნისს დაუსწრებლად წარედგინა. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც დიდი ოდენობით სხვისი ნივთის თაღლითურ დაუფლებას გულისხმობს და სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. ამ უკანასკნელი მუხლით წარედგინათ ასევე ბრალდება ვ.ლ-ს მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებსაც.

ვ.ლ.-ს მიერ ჩადენილი ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. იურიდიული პირების მიერ ჩადენილი ქმედება კი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.

საქართველოს გენერალური პროკურატურის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG