Accessibility links

"ღვანკითის კლასტერიდან" ბოლო პაციენტი გამოჯანმრთელდა


ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან გაწერეს COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებული 62 წლის არექსი კუბლაშვილი, რომელსაც 39 დღის განმავლობაში მკურნალობდნენ. თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები არექსი კუბლაშვილი ბოლო პაციენტი იყო ე.წ. ღვანკითის კლასტერიდან.

არექსი კუბლაშვილი ამბობს, რომ, სავარაუდოდ, სახლში, შვილებისგან დაინფიცირდა: „ჩემს ორ შვილს გადატანილი ჰქონია და არ ვიცოდით. ვეჭვობთ, ფულიდან დაავადდნენ ვირუსით, რადგან არსად ყოფილან, არ მუშაობენ. კლინიკაში გადაყვანიდან რამდენიმე დღის შემდეგ, განმეორებითი კვლევებით აღარ აღმოაჩნდათ და გაწერეს. მე კი გამიგრძელდა მკურნალობა. თავიდან პნევმონიაც მქონდა, მაგრამ სამი კვირის შემდეგ აღარ მქონდა არც ხველა და სიცხე. ცვლილებები მხოლოდ რენტგენზე ფიქსირდებოდა და ბიოლოგიური ნიმუშიც აჩვენებდა ვირუსს“.

გამოჯანმრთელებული ქალი ორკვირიან თვითიზოლაციას სახლში გაივლის.

„ექიმი ვარ პროფესიით და ვიცოდი დავამარცხებდი. კლინიკის მედპერსონალი ძალიან მზრუნველი იყო, თუმცა ჩემები მომენატრა და დისკომფორტი იყო ერთ სივრცეში, ბოქსირებულ პალატაში ყოფნა“, - თქვა კლინიკიდან გაწერის შემდეგ არექსი კუბლაშვილმა. ის კორონავირუსით ინფიცირებულ ყველა პაციენტს სიმშვიდეს ურჩევს:„შიში სტიმულს აძლევს ავადმყოფობას, ამიტომ სიმშვიდეა მთავარი. ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ და ვიფიქროთ ირგვლივ მყოფ ადამიანებზე“.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი, სადაც 2400-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, 23 აპრილს ჩაიკეტა მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 7 შემთხვევა დადასტურდა. მკაცრი კარანტინი 12 მაისს გაუქმდა. "ღვანკითის კლასტერიდან" ყველა პაციენტი გამოჯანმრთელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG