Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დენმა დაარტყა ექსპერტ-კრიმინალისტს, რომელიც 2 დღის წინ აფეთქებულ გაზგასამართ სადგურს ამოწმებდა


თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე, პირველადი ინფორმაციით, დენმა დაარტყა შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტური დეპარტამენტის თანამშრომელს, რომელიც გაზგასამართ სადგურს ამოწმებდა.

შემთხვევის ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო-დახმარების ბრიგადამ იგი კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანა. ექიმის თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, მამაკაცი მართვით სუნთქვაზე იმყოფება:

„კლინიკაში შემოიყვანეს 39 წლის მამაკაცი ელექტროტრავმით. მამაკაცს აღენიშნებოდა გულის გაჩერება და პარკუჭთა ფიბრილაცია. შემოყვანიდან 10 წუთის განმავლობაში აღდგენილ იქნა გულის მუშაობა, ამჟამად მამაკაცი იმყოფება ფილტვების მექანიკურ ვენტილაციაზე სამკურნალო დაცვითი სედაციის ქვეშ. რამდენიმე დღე დაველოდებით და შემდეგ დავიწყებთ უკვე გამოღვიძებას“, - უთხრა ჟურნალისტებს კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორმა ნათია ნუცუბიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. მუხლი გულისხმობს ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე, გაზგასამართი სადგური 1 ივნისს ღამით, დაახლოებით 22 საათზე აფეთქდა, დაშავდა ერთი ადამიანი. გამოძიება მომხდარზე სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG