Accessibility links

ჩუგოშვილის თქმით, 8 მარტის შეთანხმებით ოპოზიცია ვალდებულია მხარი დაუჭიროს საარჩევნო ცვლილებებს


პარლამენტის წევრი, თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ ის აპირებს მხარი დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლითაც საარჩევნო სისტემაც შეიცვლება. მან მთავარ არხთან საუბრის დროს განაცხადა, რომ დეპუტატების ნაწილი წლების განმავლობაში ითხოვდა ამას, ნაწილმა კი ეს 8 მარტის შეთანხმებაზე ხელმოწერითაც დაადასტურა.

"თუკი ხელისუფლება ბოლომდე არ შეასრულებს 8 მარტის შეთანხმებას, ეს მისი პასუხისმგებლობა იქნება და მას მოუწევს ამ ტვირთის ტარება, მაგრამ ეს არ ათავისუფლებს პარლამენტის სხვა წევრებს და ოპოზიციას, თავისი ვალდებულება შეასრულონ", - განაცხადა მან.

8 მარტს ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის, დიპლომატების ჩართულობით, შეთანხმება გაფორმდა. ამ შეთანხმებით პარტიებმა ვალდებულება აიღეს, რომ მხარს დაუჭერდნენ საარჩევნო ცვლილებებს, რომლითაც პროპორციულად 120 მანდატი გადანაწილდებოდა, მაჟორიტარული წესით კი 30. ამავე შეთანხმების მეორე ნაწილი პოლიტიკურ მართლმსაჯულებას შეეხებოდა.

დოკუმენტზე ხელმოწერის მიუხედავად, "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, ოპოზიცია კი ირაკლი ოქრუაშვილის, გიგი უგულავასა და გიორგი რურუას გათავისუფლებას ამ შეთანხმების ნაწილად მიიჩნევს. მათგან უგულავა და ოქრუაშვილი პრეზიდენტმა შეიწყალა.

"ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" რურუას გათავისუფლებამდე არ აპირებენ კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG