Accessibility links

თურქეთმა მოთხოვნა შეცვალა, მკურნალობისთვის საქართველოს მოქალაქეებს ვიზა აღარ დასჭირდებათ


თურქული მხარე საქართველოს მოქალაქეებს მათ ქვეყანაში მკურნალობისთვის მიზნობრივი ვიზის აღებას აღარ სთხოვს, - ამის შესახებ იტყობინება საქართველოს საელჩო თურქეთში. საელჩო განმარტავს, რომ თურქულმა მხარემ კიდევ ერთხელ გადახედა მიღებულ გადაწყვეტილებას, საქართველოს მოქალაქეებისთვის თურქეთის რესპუბლიკაში სამედიცინო მომსახურების მისაღებად მიზნობრივი ვიზის აღების ვალდებულებასთან დაკავშირებით და საელჩოს აცნობა, რომ ვიზა საჭირო აღარ არის.

საელჩოს თანახმად, თურქეთის შესაბამის უწყებებსა და საქართველოში თურქეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან აღნიშნულ საკითხზე კომუნიკაცია 2 ივნისს გაიმართა.

„ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოსთან გრძელდება უვიზო რეჟიმი და უკვე მოქმედი რეგულაციები:

- პირველ რიგში, პაციენტმა ან თანმხლებმა პირმა უნდა მიმართოს თურქეთის შესაბამის კლინიკას, სამედიცინო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით თანხმობის მიღების მიზნით;

- პაციენტმა ან თანმხლებმა პირმა შესაბამის თურქულ კლინიკასთან ერთად უნდა გაიაროს რეგისტრაცია თურქეთის საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს - „USHAŞ“ მიერ შექმნილ ვებგვერდზე: https://covid19st.ushas.com.tr/ და ატვირთოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია;

- ნებართვის მიღების შემდეგ, პაციენტმა ან თანმხლებმა პირმა შესაბამის კლინიკასთან ერთად უნდა დაგეგმოს ტრანსპორტირების საკითხი.

ამასთან, პაციენტთან ერთად დაიშვება მხოლოდ 2 თანმხლები პირი“, - აღნიშნულია თურქეთში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მანამდე საელჩო იუწყებოდა, რომ თურქეთში სამედიცინო მომსახურების მისაღებად საქართველოს მოქალაქეებს ვიზა დასჭირდებოდათ.

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 20 მაისიდან გაუქმდა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვა და პაციენტებს ისევ შეუძლიათ თურქეთში სამკურნალოდ ჩასვლა. თურქეთმა შეზღუდვა მოუხსნა 31 ქვეყანას, მათ შორის, საქართველოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG