Accessibility links

ხამენეიმ აშშ-ს ორმაგ მორალში დასდო ბრალი ჯორჯ ფლოიდის სიკვდილთან დაკავშირებით


აიათოლა ალი ხამენეი

ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ აშშ-ს ბრალი დასდო, რომ ის ორმაგ მორალს მისდევს მინესოტაში პოლიციის მიერ დაკავებისას უიარაღო აფრიკელი ამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის შემდეგ.

3 ივნისს, ისლამური რესპუბლიკის დამაარსებლის, აიათოლა რუჰოლა ხომეინის 1989 წელს გარდაცვალების დღეს, ხამენეიმ სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა, რომ „ისინი აშკარა ბოროტმოქმედებას სჩადიან და კლავენ ხალხს და ბოდიშსაც არ იხდიან, თუმცა ამბობენ, რომ მხარს უჭერენ ადამიანის უფლებებს“.

უკანასკნელ დღეებში ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებმა მხარდაჭერა გამოუხატეს დემონსტრატებს, რომლებიც აშშ-ის ათობით ქალაქში მართავენ საპროტესტო აქციებს რასობრივი უსამართლობის წინააღმდეგ.

უფლებადამცველი ორგანიზაციები ხშირად აკრიტიკებენ ირანს ადამიანის უფლებების სფეროში სერიოზული დარღვევებისთვის, მათ შორის, გასული წლის ნოემბერში საწვავის ფასების მკვეთრ ზრდასთან დაკავშირებული დემონსტრაციების მონაწილეთა მკვლელობისთვის.

მიმდინარე კვირაში ირანელმა კანონმდებელმა განაცხადა, რომ დემონსტრაციების დარბევისას მოკლულ იქნა 230 ადამიანი, თუმცა უფლებადამცველი ორგანიზაციის, Amnesty International-ის თანახმად, დაღუპულთა რიცხვი მინიმუმ 300-ია.

ირანი რეგულარულად იყენებს ძალას დემონსტრანტთა წინააღმდეგ.

„ცხადია, რომ იქ მოკლული აფრიკელი ამერიკელი არ იყო ადამიანი“, განაცხადა ხამენეიმ თავის გამოსვლაში.

მან აღწერა 25 მაისს ჯორჯ ფლოიდის სიკვდილი, ასევე მისი სიტყვები - „ვეღარ ვსუნთქავ“ - და თქვა, რომ ინციდენტი არ ყოფილა რამე სიახლე.

„ეს ამერიკული ბუნებაა. ეს ისაა, რასაც ამერიკელები მთელ მსოფლიოს უკეთებენ“, თქვა ხამენეიმ, რომელიც ყველაზე გავლენიანი პირია ისლამურ რესპუბლიკაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG