Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსზე ტესტავენ კაცს, რომელიც, სავარაუდოდ, ინფიცირებული იყო და პასუხები აერიათ


ნინოწმინდის სოფელ ყაურმის მკვიდრი კარანტინიდან ისე გამოუშვეს, რომ კორონავირუსზე სრულყოფილად არ შეამოწმეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მისი ანალიზები ექიმებს აერიათ და მის ნაცვლად სამკურნალოდ ჯანმრთელი პაციენტი დაიტოვეს.

"მოხდა თუ არა შეცდომა, ამის შესახებ მე არაფრის თქმა შემიძლია, მაგრამ ფაქტია, რომ არც კაცს და მით უმეტეს არც მისი ოჯახის წევრებს არანაირი სიმპტომი ამ დრომდე არ აღენიშნებათ, თავს კარგად გრძნობენ და მათთან ერთად ველოდებით ტესტის შედეგებს. ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს ჰოსპიტალში მყოფთან და ვიცით, რომ თავს კარგად გრძნობს", - განმარტავს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ნინოწმინდის მერი ანივარდ მოსოიანი.

ნინოწმინდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ტიგრან ეგოიანის თქმით, სოფელ ყაურმაში დაახლოებით 271 კაცი ცხოვრობს და კარანტინიდან ჩასულ კაცს ორ დღეში კონტაქტი, სავარაუდოდ, ყველასთან ჰქონდა. სოფელი ჯერჯერობით იზოლაციაში არ არის მოქცეული. ტიგრან ეგოიანის განმარტებით, ისინი ინფიცირებულის ხელახალი კვლევის პასუხს ელოდებიან.

"სოფელში ჩვეულებრივი მდგომარეობაა, შექმნილი ვითარების გამო მოსახლეობას ჩვენ ვთხოვეთ, რომ თავი შეეკავებინათ მიმოსვლისგან, ვიდრე ტესტის პასუხს მივიღებთ. ა.ა. თავს კარგად გრძნობს, არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება. დამირეკეს გუშინ და მითხრეს, რომ ეს ადამიანი სასწრაფოს უნდა ჩამოეყვანა და დავხმარებოდი დაკავშირებაში. იყო გაუგებრობა, რომელიც მალე გაირკვევა", - აცხადებს ტიგრან ეგოიანი.

44 წლის კაცი სახლში ორი დღე გაჩერდა. ოჯახის დანარჩენი 5 წევრი ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება. ის გორში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ნინოწმინდიდან გადაიყვანა. გავრცელებული ინფორმაციით, ის რუსეთიდან 20 დღის წინ ჩამოვიდა, 14-დღიანი კარანტინი გუდაურის ერთ-ერთ სასტუმროში გაიარა და ნინოწმინდაში 31 მაისს დაბრუნდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG