Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალშობილის საქმე: სოც. მუშაკის და ფსიქოლოგის მონაწილეობით გამოიკითხა არასრულწლოვანი გოგონა


შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმაურება 2 ივნისს გლდანის ხევში აღმოჩენილი ახალშობილის გარდაცვალების ფაქტს.

როგორც შსს მიუთითებს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხნენ შესაბამისი პირები, რომლებიც, შესაძლოა, ფლობდნენ რაიმე ინფორმაციას შემთხვევის შესახებ. მათ შორის, მოწმის სახით, სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის მონაწილეობით გამოიკითხა არასრულწლოვანი გოგონა. საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება გრძელდება ყველა შესაბამისი ვერსიის გადამოწმებისა და რელევანტური მტკიცებულებების შეგროვების მიზნით.

შსს დეზინფორმაციას უწოდებს არასრულწლოვანი გოგონას დაკავებისა და პოლიციის თანამშრომლის მიერ ახალშობილის ცხედრის გადაგდების შესახებ ზოგიერთი მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას .

„მოვუწოდებთ ყველა მედიასაშუალებას, რომ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესიდან და საქმის სენსიტიურობიდან გამომდინარე, აღნიშნული თემის გაშუქებისას დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით დადგენილი მოთხოვნები და არ მოახდინონ არასრულწლოვნის უფლებების შელახვის პროვოცირება“, - აცხადებს შსს.

როგორც შსს მიუთითებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-ში დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლების მხრიდან შევიდა შეტყობინება, რომ ნაპოვნი იყო ჩვილი. შეტყობინების მიღებიდან რამდენიმე წუთში პოლიცია შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით, რაც დედის მიერ მშობიარობისას ან მშობიარობის შემდეგ უმალვე ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შემთხვევის ადგილზე ჩატარდა გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, შემდგომი საექსპერტო კვლევისთვის ახალშობილის ცხედარი გადასვენებულ იქნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG