Accessibility links

აზერბაიჯანი აცხადებს, რომ დავით გარეჯთან პროვოკაციაა მოსალოდნელი


დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორია

აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურმა განაცხადა, რომ მიღებული ინფორმაციით, დღეს საქართველოს მოქალაქეთა ჯგუფი „კეშიკჩიდაგის“ (დავით გარეჯი) ისტორიულ-კულტურული ნაკრძალის ტერიტორიაზე, აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრის დარღვევით გეგმავს პროვოკაციული ხასიათის ქმედებას. ინფორმაციას სააგენტო „ტრენდი“ ავრცელებს.

აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის განცხადებით, მიღებული ინფორმაცია ოფიციალურად შეატყობინეს საქართველოს სასაზღვრო უწყებას. აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის განცხადებითვე, სახელმწიფო საზღვარზე ნებისმიერი პროვოკაცია მკაცრად აღიკვეთება და შესაძლო შედეგებზე პასუხისმგებლობა დაეკისრება პროვოკაციის ორგანიზტორებს.

დღეს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე გარეჯობის დღესასწაული აღინიშნება.

დავით გარეჯთან ვითარება არაერთხელ დაიძაბა 2019 წლის აპრილის შემდეგ, როცა აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა პირველად შეზღუდეს გადაადგილება უდაბნოს მონასტრისკენ მიმავალ გზაზე. ქართველმა სასულიერო და სამოქალაქო პირებმა არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს.

სამონასტრო კომპლექსის მახლობლად ორი ქვეყნის საზღვარი დღემდე შეუთანხმებელია. 2019 წლის მაისიდან განახლდა საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სამთავრობო კომისიების მუშაობა, რომელიც წლების განმავლობაში შეჩერებული იყო. ბოლო თვეებია კომისიის სხდომები აღარ გამართულა.

3 ივნისს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხეს ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა. მან მედიას უთხრა, რომ გამოკითხვა დავით გარეჯის საკითხს ეხებოდა: "მე გაუთქმელობაზე მომიწია ხელის მოწერა და მოკლებული ვარ შესაძლებლობას, დეტალებში ვისაუბრო გამოკითხვაზე, რომელიც ჩატარდა. საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, რომელსაც აინტერესებს და გულშემატკივრობს ანტისაოკუპაციო მოძრაობას, ჩვენ ვაგრძელებთ ფუნქციონირებას, მონიტორინგს, მოქმედებებს დავით გარეჯთან მიმართებაში და არაფერს არ ვცვლით".

რამდენიმე დღით ადრე, 30 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო: „საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას“ და ამ რეგიონებში „წამოჭრილი საკითხების გამოყენებას ეროვნული მტრობის ჩამოგდების მიზნით“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG