"ნინოწმინდის სოფელ ყაურმის მცხოვრები მამაკაცის ტესტის პასუხი სუსტი დადებითია, პროცესი უსიმპტომოდ მიმდინარეობს და პაციენტი თავს კარგად გრძნობს“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას ნინოწმინდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა.
ტიგრან ეგოიანის თქმით, ა.ა.-ს ოჯახის ოთხი წევრი ახალციხის საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს, ხოლო მეზობლები თვითიზოლაციაში გადავიდნენ. რაც შეეხება სოფელს, ამ დრომდე ელოდებიან რეკომენდაციებს თბილისიდან და ახალციხიდან. მას შემდეგ, რაც რუსეთიდან დაბრუნებულ მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა, გადაწყდა, რომ სოფელში სპეციალური ბრიგადები მივლენ და მოსახლეობას თერმოსკრინინგს ჩაუტარებენ. ამ დროისათვის ნინოწმინდის მერიაში თათბირი მიმდინარეობს. თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, თათბირის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
სოფელ ყაურმის მკვიდრი საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ გუდაურში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში არსებულ საკარანტინო სივრცეში მოათავსეს. ორკვირიანი სავალდებულო ვადის გასვლის შემდეგ, როგორც ჯანმრთელი, გამოუშვეს. ორი დღის შემდეგ სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მამაკაცს სოფელში მიაკითხა და უთხრა, რომ ის კორონავირუსით იყო ინფიცირებული. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, მას თითქმის ყველა თანასოფლელთან ჰქონდა კონტაქტი. ამის გამო სოფელი იზოლირებულია, მოქალაქეებს ყაურმის დატოვების უფლება არ აქვთ. სოფელში მცხოვრებ 271 პირს თერმოსკრინინგი უნდა ჩაუტარდეს.
დაწერეთ კომენტარი