Accessibility links

აშშ-ის ყოფილი თავდაცვის მინისტრის თქმით, ტრამპი ამერიკის საზოგადოების გახლეჩას ცდილობს


ჯეიმს მატისი, აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მდივანი

აშშ-ის ყოფილმა თავდაცვის მდივანმა, ჯეიმს მატისმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ბრალი დასდო ამერიკის საზოგადოების გახლეჩის მცდელობაში. მისი განცხადება ჟურნალმა The Atlantic-მა გამოაქვეყნა.

მატისის თქმით, ტრამპი სრულიად ზედმეტად ხლეჩს ქვეყანას და საპროტესტო გამოსვლებზე რეაქციის „მილიტარიზებას“ ახდენს.

„დონალდ ტრამპი ჩემს ცხოვრებაში პირველი პრეზიდენტია, რომელიც არ ცდილობს ამერიკელი ხალხის გაერთიანებას და თავიც კი არ მოაქვს, თითქოს ცდილობდეს ამას. ამის ნაცვლად ის მის გაყოფას ცდილობს,“ წერს მატისი.

მისი თქმით, ამერიკელებს შეუძლიათ დაემყარონ თავიანთი სამოქალაქო საზოგადოების ძლიერ მხარეებს და გაერთიანდნენ პრეზიდენტის მონაწილეობის გარეშე.

პენტაგონის ყოფილმა შეფმა ასევე განაცხადა, რომ ის „შეძრწუნდა“, როცა ორშაბათს პოლიციამ და ეროვნულმა გვარდიამ დაშალეს თეთრი სახლის წინ გამართული საპროტესტო აქცია, რომელიც პოლიციის სასტიკი მეთოდების წინააღმდეგ იყო მიმართული.

აშშ-ში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 25 მაისს მინეაპოლისში პოლიციის მიერ დაკავების შედეგად გარდაიცვალა 46 წლის შავკანიანი მამაკაცი ჯორჯ ფლოიდი.

საპასუხოდ ტრამპმა მატისს უწოდა „მსოფლიოში ყველაზე უფრო გადაჭარბებული რეპუტაციის მქონე გენერალი“.

საზღვაო ქვეითების კორპუსის გადამდგარი გენერალი ჯეიმს მატისი 2017 წლის დასაწყისიდან ხელმძღვანელობდა პენტაგონს. 2018 წლის დეკემბერში ტრამპმა მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გამოაცხადა. მაშინ მედია იტყობინებოდა, რომ თავდაცვის მდივანი არ დაეთანხმა ტრამპის გადაწყვეტილებას სირიიდან აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეების გაყვანის თაობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG