Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენი: 2018 წელს გაცემული რეკომენდაციებიდან უწყებებმა მხოლოდ 20% შეასრულეს


სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თანახმად, ომბუდსმენის 2018 წლის ანგარიშის რეკომენდაციებიდან ამ დროისათვის სრულად მხოლოდ 20 პროცენტია შესრულებული.

„2018 წლის ადამიანის უფლებების ანგარიშში სახალხო დამცველმა გასცა 310 რეკომენდაცია, აღნიშნული რეკომენდაციებიდან 259 აქცია პარლამენტმა სავალდებულო დავალებად შესაბამისი უწყებების მიმართ. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ გაცემული რეკომენდაციების 20 პროცენტია შესრულებული, 19 პროცენტი ნაწილობრივ შესრულებული, ხოლო დაახლოებით 60 პროცენტი არის სრულად შეუსრულებელი. რა თქმა უნდა, ეს მონაცემები არ არის დამაკმაყოფილებელი“, - განაცხადა სახალხო დამცველმა პარლამენტში.

მისი განმარტებით, უწყებების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობით, შესრულების 50 პროცენტით, ლიდერია შინაგან საქმეთა სამინისტრო, თუმცა ომბუდსმენის ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციები მან არ გაითვალისწინა:

„შსს- ს, შარშანდლის მსგავსად ნახევარზე მეტი რეკომენდაციები შესრულებული აქვს, თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციები რაც შეეხებოდა მაგალითად, სამხრე კამერების დამატებას და მათი ხარისხის გაუმჯობესებას, პოლიციელთა მაქსიმალურად აღჭურვას ყველა დანაყოფში, ეს არის შეუსრულებელი. შსს- სთან გვქონდა რეკომენდაცია, რომ კონტრაქციების მართვის მიმართულებით გადაედგა ნაბიჯები და პრევენცია მოეხდინა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობის, თუმცა, 2019 წელს მთელი რიგი აქციების დროს ვნახეთ, რომ აღნიშნული რეკომენდაცია ვერ შესრულდა და იყო შემთხვევები, როცა მშვიდობიანი გამოხატვის თავისუფლებით ვერ ისარგებლეს გარკვეულმა ჯგუფებმა“, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

მისი განმარტებით, სახალხო დამცველს 2018 წელს ყველაზე მეტი რეკომენდაცია გაცემული ჰქონდა ჯანდაცვის სამინისტროს მიმართ. ეს უკანასკნელი ამავდროულად აღმოჩნდა უწყება, რომელმაც ყველაზე ნაკლები რეკომენდაცია შეასრულა. კიდევ ერთი სამინისტრო, რომელზეც მედიასთან სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა, არის იუსტიციის სამინისტრო. სამინისტრომ, ნინო ლომჯარიას თანახმად, ფაქტობრივად არ ითანამშრომლა ომბუდსმენის აპარატთან, თუმცა 31 რეკომენდაციიდან 10 ნაწილობრივ და სრულად შეასრულა:

„სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ იუსტიციის სამინისტრომ ფაქტობრივად არ ითანამშრომლა ჩვენთან აღნიშნული ანგარიშის მომზადების დროს, არ მოგვაწოდა არც ერთი ინფორმაცია, არც ერთ წერილზე არ გაგვცა პასუხი, თუ რა ეტაპზეა მათი მხრიდან დავალებების შესრულების მდგომარეობა. ამის მიუხედავად, ჩვენ სხვა წყაროებით დავადგინეთ, რომ დაახლოებით 10 რეკომენდაციაა ნაწილობრივ და სრულად შესრულებული 31 რეკომენდაციიდან, დანარჩენი არის სრულად შეუსრულებელი“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

დღეს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში სახალხო დამცველის მიერ 2018 წელს გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშს განიხილავდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG