Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩილ თალაკვაძე: "ქართულმა ოცნებამ" ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო


პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე „ქართული ოცნების“ ისტორიულ გადაწყვეტილებას უწოდებს რამდენიმე წლის წინ საქართველოს კონსტიტუციაში ასახულ ცვლილებას, რომ 2024 წლის არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება.

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვისადმი მიძღვნილ სატელევიზიო ეთერში, პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე თქვა, რომ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მსგავსი გადაწყვეტილება არცერთ ოპოზიციურ პარტიას არ მიუღია და ამ მხრივ „ქართული ოცნება“ გამორჩეულია.

„დღეს, სამწუხაროდ, არ ესწრებიან იმ პოლიტიკურ პარტიათა წარმომადგენლები, რომლებიც ასე მგზნებარედ უჭერდნენ მხარს ამ თვეების განმავლობაში პროპორციულ სისტემას და ითხოვდნენ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას... საზოგადოებამ რომ შედარება გააკეთოს - ოპოზიციის ნაწილს, რომელიც ასე აქტიურად იცავს და ითხოვს პროპორციულ სისტემას, ეს პარტიები როცა იმყოფებოდნენ ხელისუფლებაში, არცერთი ინიციატივა, არცერთი საკანონმდებლო გადაწყვეტილება პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით, მათი მხრიდან არც ინიცირებული და არც მიღებული არ ყოფილა. შესაბამისად, ეს არის უკვე ისტორიული მოცემულობა, რომ „ქართულმა ოცნებამ“, ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როგორც მმართველმა პარტიამ მიიღო ეს გადაწყეტილება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ახალ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის პირველ სატელევიზიო შეხვედრას - საზოგადოებრივი მაუწყებლის „1 არხი“ მასპინძლობს. შეხვედრაში მონაწილეობენ პარლამენტის თავმჯდომარე - არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი - ირაკლი კობახიძე, „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი, ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი და ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე - მარიან ჯაში.

განხილვის პროცესში არ მონაწილეობენ ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიები - „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“.

ირმა ინაშვილმა და მარიამ ჯაშმა შეახსენეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, რომ სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა სრულიად რეალისტური იქნებოდა 2020 წლის არჩევნებისთვისაც, „ქართულ ოცნებას“ თავისი დაპირება რომ შეესრულებინა. ისინი იმედოვნებენ, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის 8 მარტს შეთანხმებულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა მაინც მოხერხდება და შარშანდელის მსგავსად, ეს ცვლილებებიც არ ჩავარდება.

„ოცნების უმრავლესობაზეა, ბატონებო, დამოკიდებული და მე გისურვებთ, რომ აღარ გამოჩნდნენ ახალი „ხუნდაძეები“, რომლებიც კიდევ ერთხელ რისკის ქვეშ დააყენებენ ამ მნიშვნელოვან ცვლილებას“, - მიმართა ირმა ინაშვილმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს.

ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად: მომავალ პარლამენტში, 150 დეპუტატიდან 120-ს აირჩევენ პროპორციული წესით (პარტიის ან ბლოკის სიიდან), ხოლო 30 დეპუტატის არჩევა მაჟორიტარული წესით მოხდება. ამჟამად მოქმედი პარლამენტი დაკომპლექტებულია თანაფარდობით - 77/73.

დაწესებული ზღვარი (ე.წ. „ჩამკეტი“) გამორიცხავს ერთპარტიული საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირებას - თუკი გამარჯვებული პარტია ან საარჩევნო ბლოკი პროპორციული სისტემით ხმათა 40.54%- ზე ნაკლებს მიიღებს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მიმდინარე განხილვის პროცესში საზოგადოებას შეკითხვების დასმის საშუალება ჰქონდა ინტერნეტის საშუალებით. შეკითხვები მათ უნდა გაეგზავნათ „1 არხის“ ოფიციალურ ფეისბუკ-გვერდზე, ანდა ელ-ფოსტაზე - gankhilva2020@parliament.ge.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG