Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე: არის საკმარისი ხმები, რომ გავიდეს საკონსტიტუციო ცვლილებები


მომხრეთა ხმები დათვლილია და პარლამენტში არიან საკმარისი რაოდენობის მხარდამჭერები საკონსტიტუციო ცვლილებების დასამტკიცებლად - განაცხადა "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა, დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვისადმი მიძღვნილ სატელევიზიო ეთერში.

„პრინციპულად მნიშვნელოვანია ამ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება საქართველოს პარლამენტის მიერ იმისათვის, რომ გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის სტაბილური დემოკრატიული განვითარება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება.

ჩვენ გვაქვს დათვლილი ხმები, არის საკმარისი ხმები იმისათვის, რომ იმ ორი პოლიტიკური პარტიის (მხარდაჭერის) გარეშეც გავიდეს ეს საკონსტიტუციო ცვლილებები. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ არ იქნება არავითარი დაბრკოლება ამ საკონსტიტუციო კანონპროექტის მიღების თვალსაზრისით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ახალ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის პირველ სატელევიზიო შეხვედრას საზოგადოებრივი მაუწყებლის „1 არხი“ მასპინძლობს. შეხვედრაში მონაწილეობენ პარლამენტის თავმჯდომარე - არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი - ირაკლი კობახიძე, „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი, ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი და ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე - მარიან ჯაში.

განხილვის პროცესში არ მონაწილეობენ ბოიკოტის რეჟიმში მყოფი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები - „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“.

ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად: მომავალ პარლამენტში, 150 დეპუტატიდან 120-ს აირჩევენ პროპორციული წესით (პარტიის ან ბლოკის სიიდან), ხოლო 30 დეპუტატის არჩევა მაჟორიტარული წესით მოხდება. ამჟამად მოქმედი პარლამენტი დაკომპლექტებულია თანაფარდობით - 77/73.

დაწესებული ზღვარი (ე.წ. „ჩამკეტი“) გამორიცხავს ერთპარტიული საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირებას - თუკი გამარჯვებული პარტია ან საარჩევნო ბლოკი პროპორციული სისტემით ხმათა 40.54%- ზე ნაკლებს მიიღებს.

საკონსტიტუციო ცვლილებებში სადავო საკითხი პრაქტიკულად არ არსებობს. ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ყველა პრინციპული საკითხი უკვე შეათანხმეს 8 მარტს, საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით გამართულ შეხვედრაზე.

სადავოდ რჩება მხოლოდ ასევე 8 მარტს ხელმოწერილი ერთობლივი განცხადება - მართლმსაჯულების პოლიტიზებასთან დაკავშირებით. „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ სწორედ ამ საკითხის გამო რჩებიან ბოიკოტის რეჟიმში და არ აპირებენ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას - თუკი ხელისუფლება ბოლომდე არ შეასრულებს 8 მარტის შეთანხმებას. "ქართული ოცნების" ხელისუფლების განცხადებით, ის 8 მარტის შეთანხმებას სრულად ასრულებს.

პარლამენტის სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას 113 დეპუტატის მხარდაჭერა ესაჭიროება. „ქართულ ოცნებას“ ამჟამად პარლამენტში 93 დეპუტატი ჰყავს. საკონსტიტუციო ცვლილებებს დეპუტატებს შორის კიდევ სხვა არაერთი მხარდამჭერი ჰყავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG