Accessibility links

სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო შპრიცში ნარკოტიკის კვალისთვის დაწესებული სასჯელი


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის გათვალისწინებული სასჯელი. მან მიიჩნია, რომ ეს წარმოადგენს აშკარად არაპროპორციულ სასჯელს და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება არაადამიანური სასჯელის გამოყენების აკრძალვის კონსტიტუციურ დანაწესს.

სარჩელები, რომლებიც „თეთრი ხმაურის მოძრაობამ“ და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ცალ-ცალკე შეიტანეს სასამართლომ ერთ საქმედ გააერთიანა: „ნოე კორსავა და გიორგი გამგებელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.

მოსარჩელეთა არგუმენტაციით, სადავო ნორმის რეგულირების ქვეშ ექცეოდა, რიგი ნარკოტიკული საშუალების ნებისმიერი, მათ შორის, მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობით შეძენა-შენახვა. სადავო ნორმის საფუძველზე პირი თავისუფლების აღკვეთით ისჯებოდა, მოხმარების შედეგ დარჩენილი ცარიელი შპრიცის ფლობისათვისაც კი. მათი აზრით, დასახელებული ქმედება არ იყო ისეთი საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი, რომელიც გაამართლებდა სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ის იცავდა ერთ-ერთი მოქალაქის ინტერესებს, რომელიც დამნაშავედ იქნა ცნობილი 0,00000126 გრამი მეტამფეტამინის შენახვისთვის. ეს არის ნარკოტიკის მოხმარების შედეგად ჭურჭელში დარჩენილი თვალით უხილავი ნივთიერება, ჭურჭლის ანაფხეკი, რომლის არათუ გასაღება, არამედ მოხმარებაც კი შეუძლებელია. ამის მიუხედავად, ამ თვალით უხილავი ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა ისჯებოდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე. (საია-ს სარჩელი გაერთიანდა კიდევ ერთი პირის მიერ წარდგენილ სარჩელთან და მათი განხილვა ერთად მოხდა).

საია სასამართლოში ამტკიცებდა, რომ ადამიანი დასჯა ისეთი მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვისათვის, რომელის არათუ გავრცელება არამედ მოხმარებაც კი შეუძლებელი იყო, წარმოადგენდა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევას. კონსტიტუციის მე-9 მუხლი კრძალავს არაადამიანური სასჯელის გამოყენებას.

არგუმენტები საკონსტიტუციო სასამართლომ გაიზიარა და ძალადაკარგულად ცნო ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების იმ ოდენობით შეძენა-შენახვისათვის, რაც მოსახმარად არის გამოუსადეგარი.

ასევე, საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, რომ თუ რა ოდენობის ნარკოტიკული საშუალებაა მოსახმარად გამოსადეგი, ეს ყოველ კონკრეტულ ნარკოტიკულ ნივთიერებასთან დაკავშირებით უნდა განსაზღვროს სისხლის სამართლის საქმის განმხილველმა სასამართლომ.

კოლეგიის შემადგენლობაში შედიოდნენ მერაბ ტურავა (სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე); ევა გოცირიძე; გიორგი კვერენჩხილაძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG