Accessibility links

პროკურატურა პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს გრიგოლ აბრალავასთვის ​


თბილისის პროკურატურამ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. ერთ-ერთი ბრალდებული „ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატის ვანო ზარდიაშვილის ცოლისძმა გრიგოლ აბრალავაა.

გამოძიების ინფორმაციით, „გაბრიელ სალოსის გამზირზე, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის, პატრულ-ინსპექტორების მიერ დევნის შედეგად შეჩერებული იქნა ავტომანქანა. ავტომანქანიდან გადმოსულმა გ.ა-მ [გრიგოლ აბრალავამ] და ნ.თ-მ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლისა და პოლიციის მუშაკების საქმიანობის შეცვლისა და შეწყვეტის მიზნით გაუწიეს ფიზიკური წინააღმდეგობა პატრულ-ინსპექტორებს - ი.კ-ს და ზ.მ-ს. ნ.თ-ს და გ.ა-ს მიერ განხორციელებული ქმედებით ი.კ-ს და ზ.მ-ს არ მიეცათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა. სამართალდამცველებმა ნ.თ და გ.ა შემთხვევის ადგილზე დააკავეს".

ნ.თ-ს და გ.ა-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლის მე-2 ნაწილით (პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინათ.

სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება.

2013 წლის თებერვალში ვანო ზარდიაშვილის ცოლისძმა გრიგოლ აბრალავა ნორვეგიაში დააკავეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG