Accessibility links

სამედიცინო გამოცემამ უკან გაიწვია სტატია "პლაქვენილის" შესახებ


პრესტიჟულმა სამედიცინო ჟურნალმა „ლანცეტმა“ გაიწვია 22 მაისს გამოქვეყნებული სტატია, რომელიც ეხებოდა მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატ „ჰიდროქსიქლოროქინით“ (პლაქვენილი) COVID-19-ით დაავადებული პაციენტების მკურნალობის საფრთხეებს.

სტატიის თანახმად, მსოფლიოს მასშტაბით 96 ათასი პაციენტის კვლევამ აჩვენა, რომ ამ მედიკამენტის გამოყენება სიკვდილის რისკს ზრდიდა. გამოცემამ სტატია მას შემდეგ გაიწვია, რაც სამმა ავტორმა განაცხადა, რომ მონაცემების დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ შეძლო და შესაბამისად, გარანტირებულად ვეღარ იტყვიან, რომ პირველადი წყაროს მონაცემები სანდოა.

ბრიტანულმა გამოცემა "გარდიანმა" კი გამოძიება ჩაატარა და დაადგინა, რომ ყველასთვის უცნობ კომპანია Surgispherе-ში, რომლის მონაცემებსაც სტატია ეფუძნებოდა, მუშაობს სულ რამდენიმე ათეული ადამიანი, მათ შორის მწერალი-ფანტასტი და მსახიობი.

სწორედ პრესტიჟულ „ლანცეტში“ გამოქვეყნებული სტატიის საფუძველზე, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ შეაჩერა „სოლიდარობის კვლევების“ დროს ამ მედიკამენტის ტესტირება.

საერთაშორისო ორგანიზაციის გადაწყვეტილების გამო, სამკურნალოდ „პლაქვენილის“ გამოყენება შეაჩერა რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ექიმების განცხადებით, მედიკამენტის გამოყენებას პაციენტებში არანაირი გართულება არ მოჰყოლია.

3 ივნისს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ "პლაქვენილი" კვლევაში დააბრუნა. კონკრეტულად COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატი ჯერჯერობით არ არსებობს. ამჟამად პაციენტებს მკურნალობენ სხვა ვირუსული და ინფექციური დაავადებებისთვის განკუთვნილი რამდენიმე მედიკამენტით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG