Accessibility links

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება თბილისის "ბიოტერორიზმის" დამტკიცებას ცდილობს


ცხინვალი

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების კომიტეტი - КГБ აცხადებს, რომ „თბილისის რეჟიმის მიერ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ბიოტერორიზმის ფორმების და მეთოდების გამოყენება“ დამტკიცდება, თუკი 4 ივნისს აღებულ სინჯებში აღმოჩნდება „პათოგენური მიკროფლორა და დაავადებების გადამტანები“.

ე.წ. უშიშროების კომიტეტის თანახმად, ზნაურის რაიონში, ქართული უპილოტო საფრენი აპარატების მიერ 1 და 3 ივნისს დარღვეული „საზღვრის“ მონაკვეთებზე აიღეს ნიადაგის, წყლის, ჰაერის, მწვანე საფარის და მწერების სინჯები, რომლებსაც ლაბორატორიაში გამოიკვლევენ.

ოკუპირებული ცხინვალის КГБ აცხადებს, რომ „ეს ზომები მიღებულია ბიოლოგიური საფრთხის მაღალი დონის, საქართველოში კორონავირუსის პანდემიის და ასევე, საქართველოს ტერიტორიაზე ე.წ. ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებული მონაცემების გამო“.

ე.წ. უშიშროების კომიტეტი ირწმუნება, რომ ქართულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა „საზღვარი“ დაარღვიეს დასახლებულ პუნქტ უისტასთან. საოკუპაციო რეჟიმი უისტას უწოდებს მის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მოქცეულ სოფელ წნელისს, რომელიც ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას ესაზღვრება. დე ფაქტო ხელისფლება დღემდე აპროტესტებს ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს არსებობას.

ცხინვალის КГБ იმასაც აცხადებს, რომ "საქართველოში COVID-19-ის პანდემიის გარდა, კონგო-ყირიმის ჰემორაგიული ცხელების აფეთქებაა, ლუგარის ცენტრი კი ცდებს ატარებს ღამურებსა და მწერებზე".

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება აბსურდულ განცხადებებს ავრცელებს „ლუგარის ცენტრის“ შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG