Accessibility links

თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოს თავდაცვის ძალების წინააღმდეგ სიცრუე მზადდება


საქართველოს თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან დაკავშირებული პირებისა და მედიასაშუალებების მხრიდან მზადდება მორიგი, სიცრუეზე დაფუძნებული ნეგატიური კამპანია თავდაცვის ძალების წინააღმდეგ.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, „საქმე ეხება, ისტორიაში პირველად შემოტანილი უმაღლესი ხარისხის, ევროპული წარმოების სამხედრო ფეხსაცმლებისა და ბათინკების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებას“.

სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე დღეს, 5 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თავდაცვის ძალებისთვის შეძენილია „ბაზრის ლიდერი კომპანიების - „ლოვას“ და „ჰაიქსის“ მიერ დამზადებული ზამთრის და ზაფხულის სამხედრო ფეხსაცმლები. ახალი წყალგამძლე, ქარგაუმტარი და ჰაერგამტარი ფეხსაცმელი წარმოებულია მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური სისტემების მქონე საწარმოში, რომელიც ასევე ამარაგებს გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდების, შვეიცარიის, პოლონეთის, თურქეთის, ბელგიის, ირლანდიის, დანიის და სამხრეთ კორეის შეიარაღებულ ძალებს“.

თავდაცვის სამინისტროს ცნობითვე, „ფასები მნიშვნელოვნად დაბალია მათ საბაზრო ღირებულებაზე, ასევე ,სხვა ქვეყნების შესყიდვებთან შედარებით, რაც გამოწვეულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიერ წარმატებული კომუნიკაცია-მოლაპარაკებით და კონტრაქტის შუამავლების გარეშე, პირდაპირ მწარმოებლებთან გაფორმებით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ კომპანიებს ჰყავთ საქართველოში წარმომადგენლები“. ​

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „ყველა ის შესაძლო ბრალდება, რაც პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მხრიდან შეიძლება გავრცელდეს სოციალურ ქსელსა თუ ტელევიზიაში, უსაფუძვლოა და მიმართულია ჯარის საკეთილდღეოდ და გასაძლიერებლად გადადგმული წარმატებული ნაბიჯების დასაკნინებლად“.

კონკრეტულად რა ფაქტმა განაპირობა მსგავსი შინაარსის განცხადება, თავდაცვის სამინისტრო არ ამბობს, თუმცა მოუწოდებს „ყველა პოლიტიკურ პარტიას, განსაკუთრებით ზემოთ აღნიშნულ პოლიტიკურ ძალას, შეწყვიტოს ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, რაც გამოიხატება ჯარის მიმართ მსგავსი დისკრედიტაციის კამპანიების წარმოებით“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG