Accessibility links

გიგი უგულავა: "მე თბილისის მაჟორიტარებში არ ვიქნები"


გიგი უგულავა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ამბობს, რომ არ აპირებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად თბილისში კენჭისყრას, დანარჩენი კი კონსულტაციებით გადაწყდება. მან მედიასთან განაცხადა, რომ პარტიის მყარი და პრინციპული პოზიციაა, რომ ყველაზე გვიან 20 ივნისისთვის ქართულმა საზოგადოებამ იცოდეს, ვინ იქნებიან თბილისში ოპოზიციის შეჯერებული კანდიდატები.

რაც შეეხება ოპოზიციის შეთანხმების პერსპექტივას მაჟორიტარ კანდიდატებზე რეგიონებში, გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ თბილისის შემდეგ მაჟორიტარების საკითხზე აუცილებელი იქნება კონსულტაციების გაგრძელება მინიმუმ ისეთ დიდ ქალაქებთან დაკავშირებით, როგორებიცაა რუსთავი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი და თელავი.

„ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა, 28 ოქტომბერს დიდ ქალაქებში დაფიქსირდეს, მათ შორის, მაჟორიტარულ ნაწილში ქართული ოცნების მარცხი“, - აღნიშნა გიგი უგულავამ მედიასთან და განმარტა, რა ტაქტიკა აქვს ოპოზიციას:

„ჩვენი ტაქტიკა არის ასეთი. არჩევნებს ივანიშვილი ვერ მოიპარავს, თუ ოპოზიციას 7-8 პირველ ტურში გამარჯვებული მაჟორიტარი ეყოლება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი და პრინციპულად მნიშვნელოვანი სწორედ ეხლა შეთანხმება, რომელიც თავისთავად რა თქმა უნდა გულისხმობს როგორც მეორე საფეხურს, მეორე ტურში თანამშრომლობას, და მეტიც, ეხლა შეთანხმება ნიშნავს იმასაც, რომ ის პარტიები, რომლებიც ვთანხმდებით საერთო მაჟორიტარებზე, ივანიშვილის წინააღმდეგ, მზად ვართ, გავაკეთოთ კოალიცია იმისათვის, რომ არჩევნებით ივანიშვილი გავისტუმროთ ხელისუფლებიდან.

4 ივნისს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ბრიფინგზე თქვა, რომ პარტია თბილისში 8 მაჟორიტარული ოლქიდან 6-ში კანდიდატს არ დააყენებს.

საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარი კანდიდატების შეთანხმების საკითხის პირველივე ტურში შეთანხმების მიზანშეწონილობაზე ოპოზიციის რიგებში კონსულტაციები მიმდინარეობს.

თავიდანვე განსხვავებულ პოზიციაზე იყო „ლელო“, რომელიც აცხადებდა, რომ ყველა ოლქში საკუთარი კანდიდატურით იქნებოდა წარმოდგენილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG