Accessibility links

გიორგი გახარია: 20 ივნისს ისევ პრემიერი ვიქნები და მოგიწევთ ჩემგან ინტერვიუს აღება


პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვის პასუხად, იქნება თუ არა 20 ივნისს, "გავრილოვის ღამის" წლისთავზე ისევ მინისტრი, განაცხადა: „დიახ, ვიქნები“, - პრემიერმა ასე უპასუხა ჟურნალისტებს ქუთაისში ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

„მადლობა თქვენ, უკვე იმუნიტეტი შემძინეთ, უკვე არანაირი რეაქცია აღარ მაქვს, იმდენჯერ იყო ეს შეკითხვა დასმული. საბოლოო ჯამში, აი, კონცეპტუალურად, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პერსონალურად ჩემთვის, სად ვიქნები - მთავრობაში ვიქნები, მთავრობის ხელმძღვანელი ვიქნები თუ ფერმერი ვიქნები, მე ჩემს გასაკეთებელს ყველგან გავაკეთებ“, - აცხადებს გიორგი გახარია.

მისი სიტყვებით, ახლა ის პასუხისმგებლობას გრძნობს იმაზე, რასაც აკეთებს და საიდანაც აკეთებს.

„ასე რომ, 20 ივნისს ისევ მოგიწევთ ჩემგან ინტერვიუს აღება“, - მიმართა გახარიამ ჟურნალისტებს.

კითხვაზე, იქნება თუ არა საპარლამენტო არჩევნების დროს პრემიერი, მან უპასუხა: „დიახ, ვიქნები“.

ინფორმაცია პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მოსალოდნელი გადადგომის შესახებ, „მთავარმა არხმა“ მიმდინარე კვირაში გაავრცელა. ეს ინფორმაცია მმართველი გუნდის წევრებმა უარყვეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG