Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში ამსუბუქებენ მასობრივი საპროტესტო გამოსვლების გამო მიღებულ ზომებს


აშშ-ის პრეზიდენტის ბრძანებით, ვაშინგტონიდან გაიყვანენ ეროვნული გვარდიის 5 ათასს მოსამსახურეს, რომლებიც დედაქალაქში რამდენიმე დღის წინ გაგზავნეს აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობით გამოწვეული მასობრივი საპროტესტო გამოსვლების გამო. დონალდ ტრამპმა ვაშინგტონიდან ეროვნული გვარდიის გაყვანა იმით ახსნა, რომ დედაქალაქი იდეალური კონტროლის ქვეშაა.

საპროტესტო გამოსვლების თანმხლები ძალადობის და ზოგიერთ შემთხვევაში, ძარცვის და ვანდალიზმის გამო დაწესებული კომენდანტის საათი გაუქმდა ნიუ-იორკში. ქალაქის მერმა, ბილ დე ბლაზიომ გადაწყვეტილება სიტუაციის გაუმჯობესებით ახსნა.

გასულ შაბათ-კვირას აშშ-ის ქალაქებში გრძელდებოდა რასიზმის და პოლიციის სისასტიკის წინააღმდეგ მიმართული მრავალათასიანი მშვიდობიანი დემონსტრაციები.

46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის გამო, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მაისის ბოლოს დაიწყო. პოლიციელების მიერ ქალაქ მინეაპოლისში დაკავებული, ყალბი ფულის გამოყენებაში ეჭვმიტანილი ფლოიდი 25 მაისს გარდაიცვალა. გავრცელებული ვიდეოკადრების თანახმად, მიწაზე დაგდებულ ჯორჯ ფლოიდს პოლიციელი დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში კისერზე მუხლს აჭერს, მაშინაც კი, როცა ფლოიდი ეუბნება, რომ ვეღარ სუნთქავს.

მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ, დღეს უკვე ყოფილ პოლიციელს 40 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მკვლელობაში თანამონაწილეობის ბრალი წაუყენეს კიდევ სამ ყოფილ პოლიციელს.

საპროტესტო გამოსვლების გამო, აშშ-ის ბევრ შტატში პოლიციელების დასახმარებლად ეროვნული გვარდია გამოიძახეს. უფლებადამცველები ხელისუფლებას მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალის გადამეტებაში ადანაშაულებენ. პრეზიდენტი ტრამპი არმიის გამოყენების შესაძლებლობაზეც ლაპარაკობდა, რასაც მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG