Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიდერლანდში განახლდა მოსმენა აღმოსავლეთ უკრაინაში ჩამოგდებული MH17-ის საქმეზე


ნიდერლანდში მდებარე სასამართლომ 8 ივნისს განაახლა მოსმენა აღმოსავლეთ უკრაინაში ჩამოგდებული MH17-ის საქმეზე. ამის შესახებ ჰააგის სასამართლოზე დაყრდნობით იუწყება რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური.

კორონავირუსის ეპიდემიის გამო სხდომა ჩატარდება დამსწრე პირთა შეზღუდული რაოდენობით.

პროცესის დაწყების წინ მოსამართლე ჰენდრიკ სტეინჰაიუსმა განაცხადა, რომ დარბაზში არ იმყოფება არც ერთი ბრალდებული პირი: რუსეთის მოქალაქეები იგორ გირკინი (სტრელკოვი), სერგეი დუბინსკი და ოლეგ პულატოვი და უკრაინის მოქალაქე - ლეონიდ ხარჩენკო.

ისინი არ ესწრებოდნენ ასევე მარტში გამართულ პირველ სხდომას.

გავრცელებული ცნობით, სასამართლოში იმყოფებიან მხოლოდ პულატოვის ადვოკატები.

რუს სამხედრო ოლეგ პულატოვი („გიურზა“) 2014 წელს დონბასში სეპარატისტული ძალების დაზვრვის ერთ-ერთი მეთაური იყო.

2014 წლის 17 ივლისს ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიმავალი თვითმფრინავი დონეცკის ოლქში ჩამოაგდეს რაკეტით. დაიღუპა მასში მყოფი 298-ვე ადამიანი.

საერთაშორისო გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ლაინერი ჩამოგდებულ იქნა სარაკეტო დანადგარი „ბუკით“, რომელიც დონბასში ჩაიტანეს კურსკიდან, სადაც ის იყო რუსეთის არმიის საჰაერო დაცვის 53-ე ბრიგადის შეიარაღების ნაწილი.

გამომძიებლებს მიაჩნიათ, რომ სარაკეტო დანადგარის რუსეთიდან დონბასში ჩატანასთან კავშირი აქვთ რუსეთის მოქალაქეებს იგორ სტრელკოვს, სერგეი დუბინსკის, ოლეგ პულატოვს და უკრაინის მოქალაქე ლეონიდ ხარჩენკოს. თითოეული მათგანი იყო დაკავშირებული რუსეთის მიერ მხარდაჭერილ დონბასელ სეპარატისტებთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG