Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინსკში გაიმართება კვირას დაკავებული 17 აქტივისტის სასამართლო პროცესები


სულ მცირე 17 აქტივისტი დააკავა ბელარუსის პოლიციამ კვირას მინსკსა და გომელში გამართულ მასობრივ პიკეტებში, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში ალტერნატიული კანდიდატების მხარდასაჭერად მოეწყო.

აქციებს და პოლიციელების მიერ მონაწილეთა დაკავებას პირდაპირ ეთერში გადასცემდა რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახური.

მიუხედავად იმისა, რომ პიკეტები მშვიდობიანი იყო, პოლიციამ მალევე დაიწყო ადამიანების დაკავება.

მანამდე იგივე სურათი განმეორდა მაისის ბოლოს.

31 მაისს მინსკში ცნობილი ბელარუსი ოპოზიციონერი, ნიკალაი სტატკევიჩი დააკავეს, როცა დემონსტრაციაზე მიემართებოდა. სტატკევიჩი პრეზიდენტობის ყოფილი პოტენციური კანდიდატია, რომელსაც რეგისტრაციაზე ამ თვის დასაწყისში უარი უთხრეს.

პოლიციამ დააპატიმრა ბლოგერი სერგეი ციხანოვსკი „არასანქცირებულ მასობრივ შეხვედრაში“ მონაწილეობისთვის.

ბელარუსში არასანქცირებული თავყრილობების ჩატარება აკრძალულია. ქვეყნის ერთპიროვნულმა მმართველმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ცოტა ხნის წინ გააფრთხილა ოპონენტები, რომ საარჩევნო კამპანიის დროს ქვეყანაში არ დაუშვებს „მაიდანს“.

სიტყვა „მაიდანი“ პოსტსაბჭოთა სივრცეში პროევროპული, ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლების სიმბოლო გახდა მას შემდეგ, რაც კიევის ცენტრალურ მოედანზე გამართულმა მასობრივმა აქციებმა 2014 წელს დაამხო პრორუსული ორიენტაციის პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის, ხელისუფლება.

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოსთვის არის დანიშნული. 65 წლის ლუკაშენკომ, რომელიც კვლავ აპირებს თავისი კანდიდატურის წამოყენებას, 26 წლის განმავლობაში ავტორიტარული მეთოდებით მართვას სახელმწიფოს.

2001, 2006, 2010 და 2015 წლებში - მისი მმართველობის განმავლობაში - ჩატარებული არც ერთი საპრეზიდენტო არჩევნები საერთაშორისო საზოგადოებას არ უღიარებია თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG