Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამოქალაქო აქტივისტმა თბილისის მერის წინააღმდეგ პროკურატურაში განცხადება შეიტანა


სამოქალაქო აქტივისტმა კახა კვეკვესკირმა თბილისის მერის წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა, მაისურის დახევის ფაქტზე. იგი მოითხოვს, დაიწყოს 5 ივნისს ვარკეთილში, რეაბილიტირებული სკვერის გახსნის დროს მომხდარი ინციდენტის გამოძიება:

"დარწმუნებული ვარ და მთელი საქართველო დარწმუნებულია, რომ შეშინებულია პოლიცია და პოლიცია არავითარ შემთხვევაში არ გადააგზავნის ამ საქმეს პროკურატურაში. პირადად გადავწყვიტე, რომ მოვსულიყავი გენერალურ პროკურატურაში და მეჩივლა ბატონი ხულიგანი მერის წინააღმდეგ", - უთხრა კახა კვეკვესკირმა ჟურნალისტებს.

მოძრაობა „შეცვალეს“ წევრმა, დიმიტრი ბიძინაშვილმა კი აღნიშნა, რომ მათ პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებისა და კახა კალაძის დასჯის იმედი არ აქვთ:

„ჩვენ ვითხოვთ, რომ კახა კალაძის მიმართ დაიწყოს გამოძიება იმ მუხლით, რა მუხლითაც, მაგალითად, „ქართული ოცნების“ დეპუტატის პიჯაკის გარღვევისთვის ახალგაზრდებთან მიმართებით გამოძიება დაიწყეს და 3 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ჰყავდათ დროებითი მოთავსების იზოლატორში. მათ 4-დან 7 წლამდე ემუქრებოდათ თავისუფლების აღკვეთა. არ შეიძლება, ერთი მხრივ, „ქართული ოცნება“ ამბობდეს, რომ პიჯაკის გარღვევისთვის დამნაშავეები არიან ახალგაზრდები და, მეორე მხრივ, ამბობდეს იმას, რომ კახი კალაძემ თუ ვინმეს მაისური ჩამოიხია, ამას არა უშავს. სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ ვინმე კახა კალაძეს დასჯის და ა.შ. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმე პროკურატურაში იყოს, იმისთვის, რომ როცა ეს ხელისუფლება შეიცვლება, ახალმა ხელისუფლებამ სამართლიანად გამოიძიოს ეს საქმე“, - განაცხადა დიმიტრი ბიძინაშვილმა. მისი თქმით, ინციდენტის შემდეგ პირველ რიგში პოლიციას მიმართეს, თუმცა განცხადებას სამართალდამცავთა მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.

5 ივნისს, კახა კალაძე ვარკეთილში, სკვერის გახსნაზე იყო მისული. მას რამდენიმე აქტივისტი დახვდა. მოხდა შელაპარაკება, რის შემდეგაც ადგილიდან აქტივისტების გარიდება სცადეს. ერთი მათგანის მტკიცებით, მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და მაისური შემოახიეს. თბილისის მერმა, კახა კალაძემ მოგვიანებით განაცხადა, რომ ვარკეთილში 5 ივნისს მომხდარი ინციდენტის დროს ძალადობას ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება ერთ-ერთი აქტივისტისთვის შემოხეულ მაისურს, კალაძის თქმით, „ალბათ თავად შემოიხია, რადგან პროვოკაცია ვერ მოაწყო“.

კახა კალაძემ ინციდენტის შემდეგ კონფლიქტში მონაწილე აქტივისტს მაისური გაუგზავნა, სადაც ერთ მხარეს მისი და მიხეილ სააკაშვილის, მეორე მხარეს კი მისი და სანდრა რულოვსის ფოტოა აღბეჭდილი. აქტივისტებმა საპასუხოდ პერფორმანსი მოაწყვეს და მერს ასევე გაუგზავნეს მაისური, რომელზეც დატანილ ფოტოზე იგი მიხეილ სააკაშვილთან ერთადაა გამოსახული. კალაძემ მაისური აქტივისტებს თავისი ხელმოწერით დაუბრუნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG