Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინეაპოლისში პატივს მიაგებენ პოლიციელთა ხელში დაღუპული შავკანიანი კაცის ხსოვნას


8 ივნისს მინეაპოლისში დანიშნულია საგანგებო ღონისძიება, რომლითაც პატივს მიაგებენ დაკავებისას პოლიციელთა ხელში დაღუპული აფრიკელ-ამერიკელი კაცის, ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას. ფლოიდის სიკვდილს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოჰყვა ანტირასისტული დემონსტრაციების ტალღა.

მინეაპოლისის ქალაქის საბჭო გამოდის პირობით, რომ პოლიციას დაშლის და მის ფორმირებას ხელახლა მოახდენს. ამ ნაბიჯს ეწინააღმდეგება ქალაქის მერი.

მინეაპოლისის ღონისძიებიდან რამდენიმე საათში მსგავსი ცერემონია გაიმართება ჰიუსტონში, ფლოიდის მშობლიურ ქალაქში, სადაც ის 7 ივნისს გადაასვენეს. ფლოიდის პანაშვიდი ექვს საათს გასტანს, მას 9 ივნისს დაკრძალავენ.

ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი, ჯო ბაიდენი გეგმავს ჰიუსტონში ჩასვლას და ფლოიდის ოჯახის წევრებისთვის პირადად მისამძიმრებას.

46 წლის ფლოიდი 25 მაისს დაიღუპა, მას შემდეგ, რაც თეთრკანიანმა პოლიციელმა მას მუხლი დააჭირა კისერზე.

ანტირასისტული გამოსვლების გარდა, ამ შემთხვევამ განახლებული სიმწვავე შესძინა საპოლიციო სისასტიკის და პოლიციის მხრიდან აფრიკელ-ამერიკელთა მიმართ მოპყრობის პრობლემებს, დემონსტრანტები ინსტიტუციური რასიზმის წინააღმდეგ გამოდიან.

დერეკ ჩოვინი, პოლიციელი, რომელმაც ფლოიდს დაკავებისას კისერზე მუხლი დააჭირა, მინეაპოლისის სასამართლოს წინაშე 8 ივნისს წარდგება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG