Accessibility links

ოპოზიციური პარტიები: მიმდინარეობს გიორგი რურუას დისკრედიტაციის სახელისუფლებო კამპანია


ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების ყველა კომპონენტის შესრულებისკენ მოუწოდებენ. ერთობლივ განცხადებაში ისინი წერენ, რომ ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც საპარლამენტო წარმომადგენლობა აქვთ, კვლავ მზად არიან, მხარი დაუჭირონ შეთანხმებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, თუ შეთანხმების ყველა პუნქტი შესრულდება. მათი თქმით, შეთანხმება შესრულებულად ვერ ჩაითვლება მანამ, სანამ საპატიმროში რჩება პოლიტიკური პატიმარი გიორგი რურუა.

„საქართველოს პრეზიდენტის მიერ, 15 მაისს პოლიტიკური პატიმრების, გიორგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლება, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო შეთანხმების პირობების შესრულების თვალსაზრისით. ამავე დროს, მიგვაჩნია, რომ 8 მარტის შეთანხმების ყველა კომპონენტის შესრულება და საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ქვეყანაში შესაძლო პოლიტიკური კრიზისის თავიდან ასარიდებლად“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომლის თანახმადაც, გიორგი რურუას დისკრედიტაციის მიზნით ხელისუფლება მიზანმიმართულ კამპანიას აწარმოებს:

„ჩვენს განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს, სამართლებრივი ფიასკოს ფონზე მიმდინარე მიზანმიმართული სახელისუფლებლო კამპანია გიორგი რურუას დისკრედიტაციის მიზნით, რომელიც ხელისუფლებისგან მართულმა მედიასაშუალებებმა უკანასკნელ დღებში წამოიწყეს.

აშკარაა, რომ ადგილი აქვს მორიგ ჯერზე სასამართლო და მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიზაციის მცდელობას. ეს კი, პირდაპირ ეწინააღმდეგება 8 მარტის შეთანხმების სულისკვეთებას და საფრთხეს უქმნის შეთანხმების საფუძველზე შემდგარ პოლიტიკურ კონსენსუსს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ოპოზიციური პარტიები წერენ, რომ 8 მარტს აღებული ვალდებულებების შესრულება ქვეყანას საშუალებას მისცემს, მოემზადოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ნაკლებად პოლიტიზებულ გარემოში და განამტკიცებს ქვეყნის დემოკრატიულ სისტემას.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი პარტიები: „გირჩი“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „ახალი საქართველო“, „რესპუბლიკური პარტია“, „ლელო“, „ლეიბორისტული პარტია“, „სახელმწიფო ხალხისთვის“, „ერთიანი საქართველო“, „გამარჯვებული საქართველო“, „ევროპელი დემოკრატები“, „ქრისტიან-კონსერვატული პარტია“, „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“, „თავისუფალი დემოკრატები“.

განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესცენტრი ავრცელებს.

„ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციურმა პარტიებმა ფასილიტატორი დიპლომატების აქტიური მონაწილეობით, 8 მარტს მიაღწიეს საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ შეთანხმებას, რომლის თანახმად, 2020 წელს, პარლამენტში პროპორციული წესით აირჩევა 120 და მაჟორიტარულით 30 დეპუტატი, საარჩევნო ბარიერი იქნება 1% და უზრუნველყოფილი იქნება ე.წ. ჩამკეტი, რათა ხმების 40%-ზე ნაკლების მქონე პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შეთანხმების მეორე ნაწილი პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითვალისწინებს. ხელისუფლება ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფდა. მისი განცხადებით, მათი გათავისუფლება არ წარმოადგენდა შეთანხმების საგანს. პრეზიდენტის მიერ ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შეწყალების შემდეგ, ოპოზიცია გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG