Accessibility links

სტოლტენბერგი სიტყვით გამოვა და ნატოს გაძლიერების გზებზე ისაუბრებს


ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი 8 ივნისს სიტყვით გამოვა და ისაუბრებს ალიანსის გაძლიერების გზებზე, იმ ფონზე, როცა ევროპაში აშშ-ის მოკავშირეები უკმაყოფილებას გამოთქვამენ გავრცელებულ ცნობებზე, რომ აშშ აპირებს გერმანიიდან ჯარი გაიყვანოს.

სტოლტენბერგის გამოსვლის ორგანიზატორები არიან ატლანტიკური საბჭო და აშშ-ის გერმანიის მარშალის ფონდი. გამოსვლის ფონია ნატოს მოკავშირეთა ორი წვრთნა, რომლებიც პოლონეთსა და ბალტიის ზღვაში მიმდინარეობს.

გერმანიიდან აშშ-ის სამხედროთა გაყვანის შესახებ გასულ კვირაში გაავრცელეს ცნობები The Wall Street Journal-მა და Der Spiegel-მა. ამ ინფორმაციამ გაკვირვება გამოიწვია ზოგიერთ მოკავშირე ქვეყანაში, რომლებიც თვლიან, რომ ამ გადაწყვეტილებამ გააძლიერა მეტოქეების, მაგალითად, რუსეთის პოზიციები, - იუწყებოდა The Wall Street Journal-ი 7 ივნისს.

The Wall Street Journal-ის თანახმად, აშშ გერმანიიდან გამოიყვანს 9500-მდე სამხედროს, Der Spiegel-ი კი იუწყება, რომ წლის ბოლომდე გერმანიას 5000-დან 15 000-მდე ამერიკელი ჯარისკაცი დატოვებს. ამჟამად გერმანიაში აშშ-ის 34,000-მდე სამხედროა დისლოცირებული.

გერმანიის მთავრობა აცხადებს, რომ მასთან ვაშინგტონს ეს ცნობები ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG