Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტმა პოლიციას მხარდაჭერა გამოუცხადა


პოლიციის დაფინანსება არ შეწყდება და არც არანაირი რეფორმირება არ იქნება - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა პოლიციის ოფიცრებთან შეხვედრისას.

ტრამპის თქმით, პოლიციამ ამერიკელებს მისცა მშვიდად ცხოვრების შესაძლებლობა და მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან ცუდი ამბები ხდება, პოლიციელების 99% დიდებული ხალხია და თავის საქმეს კარგად აკეთებენ.

პოლიციის მიერ დაკავებული აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის შემდეგ აშშ-ში ისმის პოლიციისთვის დაფინანსების შემცირების, უფლებების შეზღუდვის და ზოგიერთ შემთხვევაში, დაშლის მოწოდებებიც.

კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობით მყოფმა დემოკრატებმა მოამზადეს პოლიციის რეფორმირების კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს პოლიციისთვის დაცვის კანონიერი მექანიზმების და ძალის გამოყენების შეზღუდვას, ძალის გადამეტების შემთხვევების მონაცემთა ეროვნული ბაზის შექმნას, რასობრივი ნიშნით შემოწმების და ყელზე შემოჭერის მეთოდის აკრძალვას და ა.შ.

აშშ-ში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის სიკვდილს. პოლიციელების მიერ ქალაქ მინეაპოლისში დაკავებული, ყალბი ფულის გამოყენებაში ეჭვმიტანილი ფლოიდი 25 მაისს გარდაიცვალა.

გავრცელებული ვიდეოკადრების თანახმად, მიწაზე დაგდებულ ჯორჯ ფლოიდს პოლიციელი დაახლოებით 9 წუთის განმავლობაში კისერზე მუხლს აჭერს, მაშინაც კი, როცა ფლოიდი ეუბნება, რომ ვეღარ სუნთქავს. ოჯახის მიერ მიწვეულმა ექსპერტმა დაასკვნა, რომ ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის მიზეზი ასფიქსიაა.

მკვლელობაში ბრალდებულ, დღეს უკვე ყოფილ პოლიციელს 40 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მკვლელობაში თანამონაწილეობის ბრალი წაუყენეს კიდევ სამ ყოფილ პოლიციელს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG