Accessibility links

ფინანსთა მინისტრი: ყველა კაპიკს გამოვეკიდეთ


საქართველოს ფინანსთა მინისტრმა პრაქტიკულად ხელახალი ბიუჯეტი უწოდა 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტს, რომელიც მთავრობამ დღეს დაამტკიცა და განსახილველად პარლამენტს უგზავნის.

ივანე მაჭავარიანის განმარტებით, 600 მილიონამდეა დანაზოგი არსებულ ბიუჯეტში და შემცირება დაახლოებით ნახევარ-ნახევარზე ნაწილდება - 300 მილიონი ლარი კაპიტალურ და 300 მილიონი მიმდინარე ხარჯებში: „ეს მოიცავს იმ ხარჯების შემცირებას, რომლებიც პანდემიასთან დაკავშირებით ბუნებრივად მცირდებოდა, ანუ რაღაც ტიპის საქმიანობები შეზღუდული იყო“. მათ შორის, ფინანსთა მინისტრმა დაასახელა დაგეგმილი სპორტული და კულტურული ღონისძიებები, რომლებიც პანდემიის გამო ვეღარ ჩატარდება.

გარდა ამისა, ივანე მაჭავარიანის ინფორმაციით, ხარჯების შემცირება შეეხო ყველა სახელმწიფო უწყებას: „დაწყებული მივლინებით, საწვავით, ადმინისტრაციული ხარჯებით, ჩვენ აქ არ ვთაკილობდით და ყველა კაპიკს გამოვეკიდეთ და ზოგან 100 000 და ზოგან 200 000 ლარი შევამცირეთ, რომ მაქსიმალურად გამოგვეთავისუფლებინა სივრცე, რომელიც საჭიროა პანდემიასთან ბრძოლის ღონისძიებების დაფინანსებისა და მიყენებული ზარალის საკომპენსაციოდ“.

მაჭავარიანის თქმით, თანხები მოიძიეს დონორი ორგანიზაციებისა და პარტნიორებისგანაც და ამ რესურსების ხარჯზე შეიქმნა სოციალური, ბიზნესის, სოფლის მეურნეობისა და მშენებლობის მხარდაჭერის პაკეტები.

ფინანსთა მინისტრის განცხადებითვე, ხარჯების შემცირების მიუხედავად ძალაში რჩება პენსიის გაზრდის გადაწყვეტილება. წლის დასაწყისში პენსია 20 ლარით გაიზარდა, 1 ივლისიდან კი, კიდევ 30 ლარით მოიმატებს 70 წელს გადაცილებული მოქალაქეების პენსია.

რაც შეეხება კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში მობილიზებულ თანხას, ივანე მაჭავარიანის ინფორმაციით, ის მოხმარდება მხოლოდ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს, ან მის შედეგად მიყენებული ზიანის კომპენსაციას.

9 ივნისის მდგომარეობით, ამ ფონდში ჩარიცხულია 133 633 742 ლარი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG