Accessibility links

ნიკოლ ფაშინიანმა მოულოდნელად შეცვალა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელობა


სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 8 ივნისს მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და ქვეყნის პრეზიდენტს მიმართა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების თანამდებობიდან გათავისუფლებისა და მათ ნაცვლად ახალი ლიდერების დანიშვნის თაობაზე.

პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე თანამდებობა დატოვა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა, გენერალმა არტაკ დავთიანმა, ეროვნული უშიშროების სამსახურის უფროსმა, პოლკოვნიკმა ედუარდ მარტიროსიანმა და პოლიციის უფროსმა, არმან სარგსიანმა. მათ პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა და დაასახელა ახალი კანდიდატების ვინაობა.

„ძვირფასო თანამემამულეებო, მე მივიღე რიგი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისა. გენერალ-ლეიტენანტი ონიკ გასპარიანი ინიშნება შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსად, პოლკოვნიკი არგიშტი კიარამიანი ეროვნული უშიშროების სამსახურის დირექტორად, ხოლო პოლკოვნიკი ვაგე კაზარიანი - პოლიციის უფროსად“, - დაწერა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა თავისი ფეისბუკის გვერდზე.

ნიკოლ ფაშინიანის წარდგინება მალევე დააკმაყოფილა სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა, რომელმაც თავისი ბრძანებით 8 ივნისს თანამდებობაზე დაამტკიცა სამივე კანდიდატურა.

აღსანიშნავია, რომ პოლკოვნიკი მარტიროსიანი უშიშროების სამსახურის უფროსად 19 მარტს დაინიშნა, იმავე დღეს შეუდგა მუშაობას პოლიციის უფროსად არმან სარგსიანიც.

სომხური მედიის თანახმად, ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელობის მოულოდნელი ცვლილება შესაძლოა უკავშირდებოდეს სომხეთში მძიმე ეპიდემიურ ვითარებას და საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული შეზღუდვების უგულებელყოფის გახშირებულ შემთხვევებს.

ცნობილია, რომ სერიოზულ სკანდალში აღმოჩნდა გახვეული სომხეთის გენერალური შტაბის აწ უკვე ყოფილი უფროსი, გენერალი არტაკ დავთიანი, რომელმაც კორონავირუსის დროს თავის შვილს ქორწილი გადაუხადა.

სომხეთში კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით ვითარება რთული რჩება. ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის ცნობით, წუხელ გამოვლინდა 350 ახალი ინფიცირებული. 6 პაციენტი გარდაიცვალა.

ეპიდემიის განმავლობაში სომხეთში 13 675 ადამიანი დაავადდა ახალი ტიპის კორონავირუსით, რომელსაც ქვეყანაში 217 პაციენტი ემსხვერპლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG