Accessibility links

“COVID 19”-ის გავლენა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებაზე


თამარ ქალდანი

ავტორი: თამარ ქალდანი

პანდემიამ უპრეცედენტო გავლენა მოახდინა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. საგანგებო მდგომარეობის დროს შეიზღუდა ადამიანის გარკვეული უფლებები და განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ტექნოლოგიების ახლებური გამოყენებით პერსონალური მონაცემების დამუშავების საკითხმა. მართალია, კრიზისულ სიტუაციებში საზოგადოების მიმღებლობა შეზღუდვებისადმი მატულობს, მაგრამ ეს ზომები მხოლოდ დროებითი უნდა იყოს და ხორციელდებოდეს სამართლიანად, პროპორციულად, ადამიანის უფლებებისადმი პატივისცემით, რადგან სწორედ კრიზისულ სიტუაციაში ვლინდება, რამდენად ერთგულია ხელისუფლება და საზოგადოება დემოკრატიული ღირებულებების მიმართ.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის დროს პირადი ცხოვრების, კომუნიკაციის ხელშეუხებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებების არსებითი შეზღუდვა არ მომხდარა, თუმცა სერიოზული კითხვები არსებობს ზოგიერთ ქვეყანაში მასობრივ თვალთვალსა და პაციენტთა მონაცემების გასაჯაროებასთან დაკავშირებით, მათ შორის დისკრიმინაციისა და სტიგმატიზაციის საფრთხეების გათვალისწინებით. თუ დროულად არ შეფასდა გატარებული ღონისძიებებისა და ტექნოლოგიური მექანიზმების ეფექტურობა, ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე მათი გავლენა და პოსტპანდემიურ პერიოდში ეს ზომები ახალ „ნორმად“ იქცა, მართალია, ვირუსთან ომი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ მშვიდობის უნდა გვეშინოდეს.

მასობრივი თვალთვალი

2020 წლის დასაწყისშივე ჩინეთში აქტიურად დაიწყო სახის ამომცნობი სისტემებით აღჭურვილი ვიდეოსათვალთვალო კამერებისა და დრონების გამოყენება ინფიცირებულთა გამოვლენის, ტემპერატურის გაზომვისა და საკარანტინო რეჟიმის დაცვის მიზნით. მსგავს სისტემებს იყენებს რუსეთიც, სადაც თებერვალ-მარტში 170 000-ზე მეტი ვიდეოკამერის ობიექტივი იქნა მიმართული საკარანტინო რეჟიმის დაცვისა და ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი ჩინელების ადგილმდებარეობის დასადგენად. ბანგლადეშში დაფუძნებული სტარტაპი კი აცხადებს, რომ მათ ალგორითმს ადამიანების იდენტიფიცირება სამედიცინო ნიღბის ტარების პირობებშიც კი 87 %-იანი სიზუსტით შეუძლია. ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სახის ამომცნობი სისტემების მიმართ დამოკიდებულება პანდემიამდეც არ იყო ერთგვაროვანი, ვინაიდან ეს სისტემები ნაკლები სიზუსტით გამოირჩევა, როცა საქმე განსხვავებული კანის ფერის, სქესის ან რასის ადამიანებს ეხება. ალგორითმში ხარვეზის არსებობისას ნაჩქარევად და სათანადო ტესტირების გარეშე სისტემის დანერგვა ზრდის რასობრივი, გენდერული თუ სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობის გაღრმავების ალბათობას და ზიანს აყენებს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების ინტერესებს. მაგალითისთვის რუსეთში სახის ამომცნობი კამერის ჩანაწერის საფუძველზე ერთი ტყუპისცალი დააკავეს და დააჯარიმეს მეორე ტყუპისცალის მიერ კარანტინის პირობების დარღვევის გამო. Human Rights Watch-ის განცხადებით, აზერბაიჯანის ხელისუფლება ბოროტად იყენებდა საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებულ შეზღუდვებს კრიტიკულად განწყობილი აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ.

სამაჯურების გამოყენებამ უპრეცედენტო მასშტაბი შეიძინა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ლიხტენშტეინი კი პირველი ევროპული ქვეყანაა, ელექტრონული სამაჯურების სისტემას დანერგავს რეალურ დროში ვირუსის გავრცელების მონიტორინგისთვის. მასობრივ თვალთვალთან შედარებით, თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი კონკრეტული პირების ელექტრონული სამაჯურებით მონიტორინგი უფრო პროპორციულ ზომად შეიძლება შეფასდეს, თუმცა მნიშვნელოვანია „ჭკვიანი სამაჯურები“ მხოლოდ კანონიერი მიზნითა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით იქნეს გამოყენებული.

სატელეფონო აპლიკაციები და კომუნიკაციის მონაცემებზე წვდომა

მართვისთვის, ჯერ კიდევ 2020 წლის აპრილის მონაცემებით, 27 ქვეყანა იყენებდა მობილური ოპერატორების მონაცემებს, მაშინ როდესაც ჩვეულებრივ პირობებში ასეთ მონაცემებზე წვდომისთვის მოსამართლის ნებართვაა საჭირო.

სამოქალაქო საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია სომხეთის პარლამენტის გადაწყვეტილებამ კომუნიკაციების კომპანიებში დაცულ მონაცემებზე დაყრდნობით მომხდარიყო ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფ პირთა წრის დადგენა, მაშინ როდესაც არსებობდა ნაკლები მოცულობით და დანახარჯებით მონაცემების მოპოვების სხვა მეთოდები. პირად ცხოვრებაში არაპროპორციული ჩარევის მოტივით ისრაელის ქნესეთმა უარი განაცხადა პოლიციის მხრიდან სატელეფონო კომუნიკაციის მონაცემებზე წვდომის უფლებამოსილების გახანგრძლივებაზე. საზოგადოებაში სერიოზული განხილვები გამოიწვია სამხრეთ აფრიკასა და პაკისტანში პანდემიის დროს სახელისუფლებო ორგანოების შეუზღუდავმა და უკონტროლო წვდომამ კომუნიკაციის მონაცემებზე. ფაქტი ერთია, ახალი რეალობის გათვალისწინებით, პირადი ცხოვრებისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლების დაცულობა სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას. მიუხედავად იმისა, რომ ეს უფლება აბსოლუტური არ არის, პანდემიის დროს სასამართლო კონტროლისა და სათანადო ანგარიშვალდებულების გარეშე ამ უფლებაში ჩარევის მასშტაბი ცალსახად არღვევს საჯარო და კერძო ინტერესთა პროპორციულობის ბალანსს, მით უფრო, როცა ამ რადიკალური ღონისძიებების ეფექტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

მოქალაქეთა გადაადგილებისა და ვირუსის გავრცელების არეალის მონიტორინგის მიზნით ტელეფონების გეოლოკაციისა და ბლუთუსის სისტემებზე დაფუძნებული აპლიკაციები 30-ზე მეტ ქვეყანაში გამოიყენება. რუსეთი უფრო შორსაც მიდის და საზღვრების გახსნის შემდეგ გეგმავს ტურისტების გადაადგილებისა და ადგილობრივებთან მათი კონტაქტის ამ მეთოდით მონიტორინგს, Yandex-ის პლატფორმა კი ტურისტული თვალთვალის სისტემის ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება. რა თქმა უნდა, არავინ დაობს აპლიკაციებისა და ტექნოლოგიების სარგებლიანობაზე, როდის თუ არა კრიზისში უნდა გამოვიყენოთ ყველა მიღწევა და შესაძლებლობა, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ აპლიკაციების მიმართ მიმღებლობა მაღალია ისეთ ქვეყნებში, სადაც აპლიკაციების გამოყენება მოქალაქეთა თავისუფალ არჩევანზეა დამოკიდებული და ვირუსთან ბრძოლის პროცესიც წარმატებით მიმდინარეობს. მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოები და ევროპული ინსტიტუციები სამართლიანად მოუწოდებენ სახელმწიფოებს აპლიკაციების მეშვეობით დაამუშაონ მონაცემები, დაამუშაონ პროპორციულად და მხოლოდ მინიმალური მოცულობით, გამჭვირვალე გახადონ აპლიკაციის მუშაობის პრინციპი, რამდენადაც პანდემიასთან ბრძოლაში აპლიკაციის ეფექტიანობა დიდ წილად არის დამოკიდებული მისი გამოყენების მასშტაბზე, აპლიკაციების მასობრივი გამოყენება კი - მიმღებლობასა და ნდობაზე.

პერსონალურ მონაცემთა გასაჯაროება

კიდევ ერთი პრობლემატური საკითხი, რომელიც პანდემიის დროს გამოიკვეთა, პაციენტთა მონაცემების გასაჯაროებაა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში პაციენტების სენსიტიური ინფორმაციის ფართომასშტაბიან გავრცელებას უშუალოდ მათი ან მათი ოჯახის წევრთა თანხმობის გარეშე ადგილი არ ჰქონია, ცალკეულ ქვეყნებში საგანგაშო ვითარება შეიქმნა - მაგალითად, მონტენეგროში პირველი პაციენტების ვინაობის სოციალური ქსელებით გავრცელებას ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე მათი ოჯახის წევრების დევნა მოჰყვა, მთავრობის გადაწყვეტილება კი, ვებგვერდზე გამოექვეყნებინა თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მონაცემები, უფლებადამცველმა ორგანიზაციამ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. სამხრეთ კორეაში გამაფრთხილებელი მოკლე ტექსტური შეტყობინებებით გავრცელებული ინფორმაციით შესაძლებელი გახდა კონკრეტული პირების ვინაობის დადგენა. პერუში ვებგვერდით ტესტირების შედეგების გასაგებად მხოლოდ პირადი ნომერი და მარტივი „ქაფჩა კოდი“ გამოიყენებოდა, რაც მონაცემების გამჟღავნების რეალურ საფრთხეს ქმნიდა.

ევროპული, ისევე როგორც საქართველოს, კანონმდებლობა, პაციენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან მიმართებით ძალიან ზომიერია და პრაქტიკულად გამორიცხავს თვით პაციენტის თანხმობის გარეშე ინფორმაციის გასაჯაროების შესაძლებლობას. სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, ხშირად თანამდებობის პირები და ცნობადი ადამიანები თავად ავრცელებენ ინფორმაციას და ასეთი ფაქტები საქართველოშიც ყოფილა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოგვიწოდებს მეტი სიფრთხილით მოვეკიდოთ „სიტყვებს“, არ გავაღრმაოთ სტიგმა, არ ვუბიძგოთ ადამიანებს ბულინგის შიშით თავი შეიკავონ ტესტირებისგან ან დამალონ თავიანთი კონტაქტები. კაცობრიობა აუცილებლად დაამარცხებს „COVID 19”-ს, ისევე როგორც სხვა ვირუსები დაუმარცხებია, ამიტომ ვიყოთ სოლიდარულები და პატივი ვცეთ დაავადებული ან რისკჯგუფებს მიკუთვნებული ადამიანების პირად ცხოვრებასა და ღირსებას.

სტატია მომზადებულია კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისთან თანამშრომლობით.

გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს კონრად ადენაუერის ფონდისა და რადიო თავისუფლების მოსაზრებებს.

დაწერეთ კომენტარი

შეიძლება დაგაინტერესოთ

XS
SM
MD
LG