Accessibility links

ბელარუსში ოპოზიციონერ ბლოგერს სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება


ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტმა ბრალი წარუდგინა ცნობილ ბლოგერ, სერგეი ტიხანოვსკის, რომელიც პოლიციამ 31 მაისს დააკავა „არასანქცირებულ მასობრივ შეხვედრაში“ მონაწილეობისთვის.

აქტივისტსა და კიდევ 7 ადამიანს ბრალი ედებათ ისეთი აქციების ორგანიზებისათვის, რომელზეც „უხეშად დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი“.

ამ მუხლით მაქსიმალური სასჯელი სამი წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ერთ-ერთ აქტივისტს, გავრცელებული ცნობით, ადანაშაულებენ ასევე პოლიციის თანამშრომლისადმი ძალადობაში, რაც ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ.

ბელარუსში გრძელდება რეპრესიები კარსმომდგარ 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატების დარეგისტრირების მომხრეთა წინააღმდეგ, 8 ივნისს პოლიციამ სულ მცირე 17 აქტივისტი დააკავა მინსკსა და გომელში გამართულ მასობრივ პიკეტებში, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში ალტერნატიული კანდიდატების მხარდასაჭერად მოეწყო.

ბელარუსში არასანქცირებული თავყრილობების ჩატარება აკრძალულია. ქვეყნის ერთპიროვნულმა მმართველმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ ცოტა ხნის წინ გააფრთხილა ოპონენტები, რომ საარჩევნო კამპანიის დროს ქვეყანაში „მაიდანს“ არ დაუშვებს“.

სიტყვა „მაიდანი“ პოსტსაბჭოთა სივრცეში პროევროპული, ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლების სიმბოლო გახდა მას შემდეგ, რაც კიევის ცენტრალურ მოედანზე გამართულმა მასობრივმა აქციებმა 2014 წელს დაამხო პრორუსული ორიენტაციის პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის, ხელისუფლება.

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოსთვის არის დანიშნული. 65 წლის ლუკაშენკა, რომელიც კვლავ აპირებს თავისი კანდიდატურის წამოყენებას, 26 წლის განმავლობაში ავტორიტარული მეთოდებით მართავს ქვეყანას.

2001, 2006, 2010 და 2015 წლებში - მისი მმართველობის განმავლობაში - ჩატარებული არც ერთი საპრეზიდენტო არჩევნები საერთაშორისო საზოგადოებას არ უღიარებია თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG