Accessibility links

გიორგი კვირიკაშვილი: ერთპიროვნული მმართველობა არსად არაა დადებითი, უნდა იყოს აზრთა სხვადასხვაობა


საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ერთპიროვნული მმართველობა არ ამართლებს და უნდა იყოს აზრთა სხვადასხვაობა. მან კოალიციურ მთავრობაზე, მოქმედ და წინა ხელისუფლებაზე "TV პირველთან" ისაუბრა.

"ერთპიროვნული მმართველობა არსად არაა დადებითი, უნდა მოხდეს რაიმე ისეთი, რომელიც აზრთა სხვადასხვაობას შექმნის. ძალიან სწორი იქნება თუ იქმნება ისეთი კოალიცია, სადაც განსხვავებული აზრი, აზრთა ჭიდილი იქნება. მე მგონია, რომ ოცნება არ დატოვებს პოლიტიკურ ველს და არ გაქრება, არც უნდა გაქრეს იმიტომ, რომ ოცნებამ ამ წლების განმავლობაში ბევრი დადებითი გააკეთა. მე მიკვირს იმ პოლიტიკოსების, მათ შორის ბევრი ახალი სახისაც, რომელიც ამბობს, რომ ქვეყანამ 8 წელი დაკარგა, ასე 8 წელი გადავაგდოთ… როგორც 9 წელი გადავაგდოთ არ არის სწორი... ყველას აქვს თავისი მიღწევები, სუსტი მხარეები. დგება მომენტი, როცა მინიმუმ რაღაც უნდა შეიცვალოს, რაც ნანახი აქვს ამ ქვეყანას, ის აღარ უნდა ნახოს", - თქვა მან.

მისი თქმით, ადამიანების ნაწილი ცდილობს შექმნას განწყობა, რომ ივანიშვილის მმართველობაში დაბრუნებამდე "ქვეყანა დაიქცა", შემდეგ კი "გამოსწორდა":

"მე როცა პრემიერი ვიყავი, მე საკმაოდ დიდი ხარისხის თავისუფლება მქონდა მოცემული მისგან რაღაც პერიოდში, მერე რაღაც პერიოდში რაღაცები აღარ მოეწონა, როგორც ეს უკვე ყველამ იცის და ის ჩაერია ძალიან აქტიურად, დაბრუნდა პოლიტიკაში. ახლა ძალიან ცდილობენ გააფორმონ, რომ მანამდე ქვეყანა დაიქცა და შემდეგ გამოსწორდა, მაგრამ მგონია, რომ თუ კარგად დააკვირდებიან ადმიანები, მთლად ასე არ უნდა იყოს".

კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2018 წლის 13 ივნისს დატოვა. მაშინ მან თანამდებობის დატოვება მასსა და მმართველ პარტიას შორის აზრთა სხვადასხვაობას დაუკავშირა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG