Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯორჯ ფლოიდი დედის გვერდით დაკრძალეს


ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონის Fountain of Praise-ის ეკლესიაში გამოთხოვების ცერემონიის შემდეგ, ჯორჯ ფლოიდის ცხედარი მეზობელ ქალაქ პირლენდში გადაასვენეს და Houston Memorial Gardens ის სასაფლაოზე, დედის გვერდით დაკრძალეს.

ეკლესიაში ჩატარებული ცერემონია პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ცერემონიას ესწრებოდნენ მხოლოდ ჯორჯ ფლოიდის ნათესავები, მეგობრები და მიწვეული პოლიტიკოსები, უფლებადამცველები და რასიზმის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის მსხვერპლთა ნათესავები.

ფლოიდის მშობლიური ქალაქის, ჰიუსტონის ხელისუფლებამ 9 ივნისი ჯორჯ ფლოიდის დღედ გამოაცხადა. ჰიუსტონის მერმა, სილვესტრ ტერნერმა ტვიტერზე დაწერა, რომ ჯორჯ ფლოიდს პატივს მიაგებენ არა იმიტომ, რომ იდეალური იყო, არამედ იმისთვის, რომ ყველას შეგვიძლია თავისუფლად ვისუნთქოთ.

46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს გარდაიცვალა. ყალბი ფულის გამოყენებაში ეჭვმიტანილი ფლოიდი პოლიციამ ქალაქ მინეაპოლისში დააკავა. გავრცელებული ვიდეოკადრების თანახმად, მიწაზე დაგდებულ ჯორჯ ფლოიდს პოლიციელი დაახლოებით 9 წუთის განმავლობაში კისერზე მუხლს აჭერს, მაშინაც კი, როცა ფლოიდი ეუბნება, რომ ვეღარ სუნთქავს. ოჯახის მიერ მიწვეულმა ექსპერტმა დაასკვნა, რომ ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის მიზეზი ასფიქსიაა.

მკვლელობაში ბრალდებულ, დღეს უკვე ყოფილ პოლიციელს 40 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მკვლელობაში თანამონაწილეობის ბრალი წაუყენეს კიდევ სამ ყოფილ პოლიციელს.

ფლოიდის სიკვდილმა აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში მასობრივი ანტირასისტული საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG