Accessibility links

უკრაინა საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან 5 მილიარდს მიიღებს პანდემიის შედეგების დასაძლევად


საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ დაამტკიცა უკრაინისთვის 5 მილიარდი დოლარის 18 თვიანი სარეზერვო მექანიზმი, რომელიც COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის დაძლევაში უნდა დაეხმაროს. უკრაინა დაუყოვნებლივ მიიღებს დაახლოებით 2 მილიარდს, დანარჩენს კი - 4 ეტაპად.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებით, შეთანხმება უზრუნველყოფს უკრაინის საგადასახადო ბალანსის და ბიუჯეტის მხარდაჭერას და დაეხმარება უკვე მიღწეული შედეგების შენარჩუნებასა და ძირითადი სტრუქტურული რეფორმების გაგრძელებაში.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2020 წელს ეკონომიკა მკვეთრად შემცირდება, რადგან პანდემიის გამო მიღებულმა შემზღუდავმა ზომებმა უკრაინასა და მთელ მსოფლიოში გამოიწვია შიდა და საგარეო მოთხოვნის მნიშვნელოვანი ვარდნა.

სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ 2020 წელს უკრაინის ბიუჯეტს სერიოზულად დააზარალებს შემოსავლების შემცირება და ხარჯების ზრდა.

საერთაშორისო სავალტო ფონდის მიერ გამოყოფილი 5 მილიარდი დოლარი უკრაინას უნდა დაეხმაროს ეკონომიკური კრიზისის შედეგების შერბილებაში შიდა მეურნეობების და საწარმოების მხარდაჭერით და ასევე, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის და ეროვნული ვალუტის მოქნილი კურსის უზრუნველყოფაში.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის, კრისტალინა გეორგიევას განცხადებით, მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფისა და მდგრადი და ინკლუზიური განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება კორუფციასთან ბრძოლას და სახელმწიფო მართვის სისტემის განმტკიცებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG