Accessibility links

ბიბილოვმა მოსკოვში ვიზიტამდე დისტანციურად მუშაობა გადაწყვიტა


ანატოლი ბიბილოვი და ვლადიმირ პუტინი (საარქივო ფოტო)

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი მოსკოვში გამგზავრების წინ, მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. მისი პრესსამსახურის ინფორმაციით, ბიბილოვი ონლაინთათბირებს ჯავაში მდებარე რეზიდენციიდან გამართავს და ჩინოვნიკებთან ურთიერთობაც დისტანციურად ექნება.

დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მოსკოვიდან დაბრუნებული ბიბილოვი ორ კვირას კარანტინში გაატარებს.

ანატოლი ბიბილოვი რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მიერ მიწვეულია დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე, რომელიც 24 ივნისს ჩატარდება მოსკოვის წითელ მოედანზე.

რუსეთში 9 მაისს დაგეგმილი აღლუმი კორონავირუსის ეპიდემიის გამო გადაიდო. სამხედრო აღლუმის თარიღად 24 ივნისის შერჩევა პუტინმა იმით ახსნა, რომ 1945 წლის 24 ივნისს, მოსკოვის წითელ მოედანზე ჩატარდა „გამარჯვებულების ლეგენდარული, ისტორიული აღლუმი“.

24 ივნისს, სამხედრო აღლუმი ჩატარდება ოკუპირებულ ცხინვალშიც, თუმცა, ბიბილოვის გარეშე.

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებას კორონავირუსით ინფიცირების 66 შემთხვევა აქვს დადასტურებული. აბსოლუტური უმრავლესობა რუსეთიდან დაბრუნებული პირია. ინფიცირებულთა შორის ჭარბობენ რუსული სამხედრო სასწავლებლების კურსანტები.

რუსეთის ოფიციალური სტატისტიკით, კორონავირუსით ქვეყანაში უკვე დაინფიცირდა 493 000-ზე მეტი ადამიანი. გარდაცვლილთა რიცხვი 6350-ს აჭარბებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG