Accessibility links

შვედეთმა დახურა პრემიერ-მინისტრ ულოფ პალმეს 1986 წლის მკვლელობის გამოძიება


ყვავილები პალმეს მკვლელობის ადგილას

შვედეთმა დახურა გამოძიება, რომელიც ეხებოდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ულოფ პალმეს ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობას სტოკჰოლმში, 1986 წელს.

როგორც საქმის მთავარმა პროკურორმა, კრისტერ პატერსონმა 10 ივნისს განაცხადა, საქმის დახურვის მიზეზი არის ის, რომ მთავარი ეჭვმიტანილი, სტიგ ენგსტრომი, 2000 წელს გარდაიცვალა.

პალმე 1986 წლის 28 თებერვალს მოკლეს, როცა ის და მისი ცოლი, ლიზბეტ პალმე სტოკჰოლმში კინოთეატრიდან გამოდიოდნენ.

ენგსტრომი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა პალმეს მემარცხენე შეხედულებებს და მკვლელობის ადგილის სიახლოვეს იმყოფებოდა, პოლიციამ მოწმის სახით დაკითხა, თუმცა მან ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა, რამაც ეჭვები აღძრა. ენგსტრომმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა 2000 წელს.

მკვლელობამ თავზარი დასცა შვედეთს, ქვეყანას, სადაც დანაშაულის მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოში და დამნაშავის ძებნის მასშტაბურ ოპერაციას მისცა ბიძგი. თუმცა, გამოძიება თავიდანვე შეცდომებით წარიმართა.

დამნაშავედ ცნეს კრისტერ პატერსონი, რომელსაც წვრილმან კრიმინალსა და მკვლელობაში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული, თუმცა ვერდიქტი შემდგომში გაუქმდა. პატერსონი, რომელიც 2004 წელს გარდაიცვალა, პალმეს ქვრივმა ამოიცნო მკვლელად.

კიდევ ერთი ეჭვმიტანილი, ვიქტორ გუნარსონი, აშშ-ში წავიდა ემიგრაციაში და იქ 1993 წელს მკვლელობის მსხვერპლი გახდა.

დამნაშავის პოვნის შეუძლებლობამ კიდევ უფრო გააღრმავა საქმის იდუმალება.

გამომძიებლები ბევრ სცენარს განიხილავდნენ, მკვლელობა 100-ზე მეტმა პირმა აღიარა. ამ მკვლელობამ ბიძგი მისცა ბევრ შეთქმულების თეორიას, რომლებშიც ორგანიზატორებად მრავალ ძალას ასახელებდნენ - მათ შორის, CIA-ს და ქურთ სეპარატისტებს.

პალმე სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი იყო 1969 წლიდან სიკვდილამდე, პრემიერ-მინისტრად კი მსახურობდა 1969-1976 და შემდეგ 1982-1986 წლებში.

ბევრი მას თანამედროვე შვედეთის შემქმნელად მიიჩნევს, თუმცა ის არ მოსწონთ კონსერვატორებს, ანტიკოლონიური შეხედულებების და აშშ-ის კრიტიკის გამო. პალმე ასევე აკრიტიკებდა თეთრკანიანთა უმცირესობის მიერ მართულ სამხრეთ აფრიკას - რამაც ბიძგი მისცა კიდევ ერთ თეორიას, რომ მისი მკვლელობის ორგანიზატორი ამ ქვეყნის უშიშროება იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG