Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ სიაზე - განხილვებისას ჩემს სათქმელს ვიტყვი


პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, როდესაც ამის საჭიროება გაჩნდება, თავის სათქმელს მაშინ იტყვის.

ჟურნალისტების კითხვაზე, "როდის იქნება წინასაარჩევნო სია და ვინ იქნება ამ სიაში თქვენი კვოტა“, გიორგი გახარიამ უპასუხა:

„რას ნიშნავს კვოტა? ჩვენ ვსაუბრობთ გუნდურ მუშაობაზე, „ქართული ოცნება“ არის გუნდი, რომელსაც ჰყავს თავისი თავმჯდომარე, რატომ გიკვირთ, რომ პარტიის თავმჯდომარე იყოს განმსაზღვრელი და მის აზრს ჰქონდეს განმსაზღვრელი მნიშვნელობა იმასთან დაკავშირებით, პოლიტიკურ სიაში პარლამენტში, არჩევნების წინ ვინ მოხვდება? ეს ნორმალურია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ვის გაუწევს გიორგი გახარია სიის ფორმირებისას რეკომენდაციას, ამ საკითხზე პრემიერმა აღნიშნა, რომ ჯერ საუბარი ადრეა.

„მე, როგორც გუნდის წევრი, როდესაც ეს განხილვები დაიწყება, ჩემს სათქმელს ვიტყვი, ეს არის და ეს, ჯერ ეს არც დაწყებულა და ნუ ჩქარობთ. ჯერ ადრეა, ჯერ პარლამენტს მუშაობა არ დაუმთავრებია, უმნიშვნელოვანესი საკონსტიტუციო ცვლილებებია მისაღები, ამაზე ვიფიქროთ და ამაზე ვილაპარაკოთ, რა დროს სიაა, ზოგიერთებს რომ ჰგონიათ, რომ თუ სიას ადრე დააკომპლექტებენ, ეს გარანტიაა იმისა, რომ ვიღაც არჩევნებს მოიგებს, სასაცილოა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კითხვაზე, რამდენად არის შესაძლებელი, წინასაარჩევნოდ მისი კანდიდატურა სიის სათავეში ვიხილოთ, გახარიამ უპასუხა, რომ ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ახლა მთავრობის წინაშე კონკრეტული ამოცანები დგას.

„ყველაფერი შესაძლებელია, ან ყველაფერი არ არის შესაძლებელი. ნუ ვჩქარობთ, ჯერ ჩვენ გვაქვს კონკრეტული ამოცანები - ეს არის პანდემია, ეპიდემია, ეკონომიკური კრიზისი. საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს და არ მიფიქრია ამ სიაზე. ჯერ ადრეა. არანაირი კონსულტაციები არ მიმდინარეობს, რა დროს კონსულტაციებია. ჩვენ დღეს საოპერაციო დონეზე იმდენი მიმდინარე საკითხები გვაქვს გასაკეთებელი, არც გვიფიქრია ამაზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერი-მინისტრი გიორგი გახარია საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზში იმყოფება. ის ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა, რომელთაც კიდევ ერთხელ გააცნო მთავრობის მიერ სოფლის მეურნეობისთვის გათვალისწინებული შეღავათები.

მედიის შეკითხვებს გიორგი გახარიამ ფერმერებთან შეხვედრის შემდეგ უპასუხა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG