Accessibility links

კრემლის კრიტიკოს რუს მსახიობს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება ავტოავარიისას ადამიანის დაღუპვის გამო


რუსეთში შინაპატიმრობაში მოათავსეს ცნობილი მსახიობი და ბოლო წლებში კრემლის ხმამაღალი კრიტიკოსი, მიხაილ ეფრემოვი. მას 12 წლით ემუქრება პატიმრობა, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მანქანის მართვის დროს ადამიანის მოკვლისთვის.

მოსკოვის პროკურატურის პრესმდივანმა, ლიუდმილა ნეფიოდოვამ 10 ივნისს განაცხადა, რომ ეფრემოვს ეკრძალება სახლის დატოვება, ტელეფონის და ინტერნეტის გამოყენება, მედიასა და სხვა ადამიანებთან კონტაქტი - გარდა ოჯახის, ადვოკატებისა და გამომძიებლებისა.

მოსკოვის პოლიციამ 9 ივნისს გამოაცხადა, რომ წინა საღამოს ეფრემოვი მთვრალი იყო, როცა თავის Grand Cherokee ჯიპს მაღალი სიჩქარით მართავდა მოსკოვის ცენტრში, და ის სხვა მანქანას დაეჯახა. ეფრემოვი ავარიაში არ დაშავებულა, თუმცა მეორე მანქანის მძღოლი, რომელსაც 57 წლის სერგეი ზახაროვად ასახელებენ, საავადმყოფოში გადაიყვანეს და მრავალი ტრავმით რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

ვიდეო ასახავს ავტოსაგზაო შემთხვევის მომენტს

ბოლო წლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს 56 წლის ეფრემოვის პოლიტიკური იუმორით გაჯერებული გამოსვლები, რომლებშიც ის პრეზიდენტ პუტინს და მის პოლიტიკას აკრიტიკებს.

რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის ხელმძღვანელი, ვიაჩესლავ ვოლოდინი 9 ივნისს გამოვიდა საპარლამენტო კომისიის შექმნის ინციატივით, რათა არ მოხდეს "გამოძიებაზე შესაძლო ზეწოლა".

"კანონი ყველასთვის ერთია. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მანქანის მართვა მიუღებელია. თუ ეს სიკვდილს იწვევს, სულ ერთია, ვინ არის მძღოლი, სასჯელი იდენტური უნდა იყოს - 12 წლამდე პატიმრობა", - თქვა ვოლოდინმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG