Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი საპროტესტო აქციას პოლიტიკურად მართულს უწოდებს


ალესანდრე მილორავა
ალესანდრე მილორავა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ადმინისტრაცია ისევ აცხადებს, რომ დირექტორის გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრები არიან.

მაუწყებლის ამავე შინაარსის ადრინდელი განცხადების საპასუხოდ, ოპოზიციურმა პარტიამ 9 ივნისს განმარტა, რომ აქციის მონაწილეებმა, ალექსანდრე მილორავამ და შოთა ცაავამ „ევროპული საქართველო“ 2019 წლის აგვისტოში დატოვეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ადმინისტრაციაში დღეს, 10 ივნისს განაცხადეს, რომ თავად ალექსანდრე მილორავას ინფორმაციით, მან და შოთა ცაავამ პარტია 3 წლის წინ დატოვეს, თუმცა, ისინი „დღესაც არიან ევროპული საქართველოს მოქმედ პარტიულ საკრებულოს სიაში. საარჩევნო კოდექსის თანახმად, ისინი კვლავ რჩებიან პარტიული სიის წევრებად“.

„რას ნიშნავს საკრებულოს სიაში ყოფნა? იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა ნებისმიერი პირის რაიმე მიზეზის გამო ჩანაცვლების საჭიროება, ისინი აღმოჩნდებიან საკრებულოში, როგორც "ევროპული საქართველოს" წევრები“, - განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საკადრო ბაზის განვითარების უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ემზარ პაქსაძემ.

მან სახალხო დამცველს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მედიაორგანიზაციებს მიმართა, გამოხატონ პოზიცია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობაში ჩარევისა და ზეწოლის გამო. პაქსაძის განცხადებით, მაუწყებლობის შესახებ კანონი პირდაპირ უკრძალავს მესამე პირებს, მათ შორის, პოლიტიკურ პარტიებს, რაიმე სახის ზემოქმედებას მაუწყებლის თანამდებობის პირებსა და თანამშრომლებზე.

ემზად პაქსაძის მტკიცებით, მოცემულ შემთხვევაში მაუწყებლის განმარტება არ ეხება კონკრეტულად „ევროპულ საქართველოს“ და ეხება ნებისმიერ პარტიას, როგორც სახელისუფლებოს, ასევე არასახელისუფლებოს.

აჭარის მაუწყებლის შენობასთან მაისის ბოლოდან მიმდინარეობს საზოგადოების „მე მიყვარს ბათუმი“ წევრების აქცია. მოძრაობის წევრი ალექსანდრე მილორავა 29 მაისის შემდეგ შიმშილობს. მან დღეს კვლავ უარყო „ევროპული საქართველოს“ წევრობა: „აჭარის ტელევიზიის ადმინისტრაციამ ჩემს მიმართ უკვე მეორედ გააკეთა პოლიტიკური განცხადება, რაც აბსოლუტურად მიუღებელია საზოგადოებრივი მაუწყებლისგან. ასეთ განცხადებებს დიეტოლოგი თორნიკე რიჟვაძე უნდა აკეთებდეს და არა მაუწყებლის მენეჯმენტი“.

მილორავამ სახალხო დამცველს მოუწოდა, დაკვირვებით გამოიკვლიოს ეს საკითხი, რადგან ტელევიზიის ადმინისტრაციისგან მასზე პოლიტიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობს

ალექსანდრე მილორავა აჭარის ტელევიზიის და რადიოს დირექტორის, გიორგი კოხრეიძის გადადგომას მოითხოვს სარედაქციო პოლიტიკაში უხეში ჩარევის, ჟურნალისტების დევნის და საზოგადოებრივი მაუწყებლის პრიორიტეტებისა და ბიუჯეტის შეუსრულებლობის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG