Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისია ვარაუდობს, რომ რუსეთი და ჩინეთი დეზინფორმაციის კამპანიებს აწარმოებენ პანდემიის თაობაზე


ევროკომისია გამოთქვამს ეჭვს, რომ რუსეთი და ჩინეთი პანდემიის თაობაზე დეზინფორმაციის კამპანიებს აწარმოებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიმართ. ამის შესახებ ლაპარაკია ევროკომისიის მიერ ოთხშაბათს გამოქვეყნებულ ანგარიშში.

ანგარიშში ნათქვამია, რომ უცხოური სუბიექტები და ქვეყნები, რომლებიც არ შედიან ევროკავშირში, კერძოდ - რუსეთი და ჩინეთი - მონაწილეობენ გავლენის გამავრცელებელ მიზანმიმართულ ოპერაციებშისა და სადეზინფორმაციო კამპანიებში ევროპაში, მეზობელ ქვეყნებსა და მთელ მსოფლიოში.

„ძალზე სახიფათო იქნებოდა ამის დატოვება რეაგირების გარეშე“, განაცხადა ანგარიშის პრეზენტაციისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე ევროკომისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, ვერა იოუროვამ, რომელიც ევროპული ღირებულებებისა და გამჭვირვალობისთვის არის პასუხისმგებელი. „პანდემიამ გვაჩვენა, რომ ყალბ ინფორმაციას შეუძლია სერიოზული ზიანის მიყენება, შეიძლება გამოიწვიოს მოქალაქეთა სიკვდილიც კი, ძირი გამოუთხაროს ზომებს, რომლებსაც სახელმწიფო ორგანოები მიმართავენ დაავადებასთან საბრძოლველად“. მისი სიტყვებით, სახელმწიფოების სპონსორობით მოქმედი უცხოური პროპაგანდა ადამიანების შიშებსა და ეჭვებზე ნადირობს.

დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირი მხარდაჭერას და დახმარებას გაუზრდის სამოქალაქო საზოგადოების სუბიექტებს, დამოუკიდებელ მედიასა და ჟურნალისტებს მესამე ქვეყნებში, ასევე გააძლიერებს პრესის თავისუფლების მონიტორინგის ხელშეწყობას. გარდა ამისა, ევროკავშირი სოცქსელებისა და ონლაინპლატფორმებისგან მოითხოვს დამატებით ყურადღებას, მათ მიერ ფაქტების შემოწმებას და მომხმარებელთა გათვითცნობიერებულობის დონის ამაღლებას.

ევროკავშირი პირველად არ სდებს ბრალს რუსეთსა და ჩინეთს სადეზინფორმაციო კამპანიების წარმოებაში. მოსკოვი და პეკინი უარყოფენ ამ ბრალდებებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG