Accessibility links

დედოფლისწყაროს საკრებულოს დეპუტატს პატიმრობა შეეფარდა


სიღნაღის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი "ქართული ოცნებიდან" პატიმრობაში რჩება. გიორგი ჭინჭარაულის საქმეზე აღკვეთის ღონისძიებაზე სხდომა თითქმის 3 საათი მიმდინარეობდა. დაცვის მხარე 5000-ლარიანი გირაოს შეფარდებას, ხოლო სახელმწიფო ბრალდება პატიმრობას ითხოვდა.

მოსამართლე ალექსანდრე ლომიძემ პროკურატურის მოთხოვნა გაითვალისწინა. პროკურორი ბრალდებულის მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეზე საუბრობდა. მოსამართლის გადაწყვეტილებას უსამართლო უწოდა დაკავებულის ადვოკატმა გოჩა თედიაშვილმა და თქვა, რომ სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებენ.

პროცესზე მოსამართლეს სიტყვით მიმართა თავად ბრალდებულმაც. როგორც 38 წლის საჯარო მოხელემ განმარტა, კონფლიქტი, თავდაპირველად, ძმები ჭინჭარაულების მხრიდან დაიწყო, რომლებიც ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ და მას კონკრეტულ პირებთან ურთიერთობის შეწყვეტას სთხოვდნენ. ჭინჭარაულმა, ასევე, განმარტა, რომ დანაშაული თავდაცვის მიზნით ჩაიდინა და ამისი განზრახვა არ ჰქონია.

შემთხვევა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში, 7 ივნისს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, საკრებულოს წევრმა გიორგი ჭინჭარაულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ორ თანასოფლელს ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.

პოლიციამ საკრებულოს წევრი პარტია „ქართული ოცნებიდან“ გიორგი ჭინჭარაული 8 ივნისს დააკავა. თავდაპირველად მას ბრალი დასდეს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში, რაც 7-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა, თუმცა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პროკურატურამ მუხლი შეცვალა და ძიება 19,109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გრძელდება. შესაბამისად პროკურატურა დეპუტატს განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება.

დეპუტატს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 16-დან 20 წლამდე პატიმრობა ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

წინასასამართლო სხდომა სიღნაღის რაიონულ სასამართლოში 5 აგვისტოს ჩაინიშნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG