Accessibility links

დაღუპული ჯორჯ ფლოიდის ძმამ კონგრესს მოუწოდა, აფრიკელ ამერიკელთა "ტკივილი შეაჩეროს"


ფილონიზ ფლოიდი

მინეაპოლისში პოლიციის მიერ დაკავების შედეგად გარდაცვლილი აფრიკელი ამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის ერთ-ერთმა ძმამ, ფილონიზ ფლოიდმა აშშ-ის კონგრესს მიმართა თხოვნით, „შეაჩეროს ტკივილი“, რომელსაც შავკანიან ადამიანებს აყენებს პოლიციის ძალადობა.

10 ივნისს ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულ კომიტეტში გამოვიდა ემოციური სიტყვით.

" ადამიანს, რომელმაც მას [ჯორჯ ფლოიდს] სიცოცხლე წაართვა, რომელის 8 წუთი და 46 წამი სულს ხდიდა, ის მაინც უწოდებდა "სერ", როდესაც ევედრებოდა სიცოცხლის შენარჩუნებას. მე არ შემიძლია აღვწერო როგორია ტკივილი, რასაც გრძნობ, როდესაც მსგავს რამეს უყურებ. როდესაც უყურებ, რომ შენი უფროსი ძმა, რომელიც მთელი ცხოვრება შენთვის მაგალითი იყო, კვდება. კვდება და დედას ითხოვს.

მე ვარ დაღლილი ამ ტკივილით; მე ვარ აქ, რომ გთხოვოთ, შეაჩეროთ ეს. შეაჩეროთ ტკივილი"- თქვა ფილონიზ ფლოიდმა.

" ჯორჯი [ფლოიდი] დახმარებას ითხოვდა და მას არ დაუგდეს ყური. გთხოვთ, მოუსმინოთ ახლა ჩემს მოწოდებას, ჩვენი ოჯახის მოწოდებას და მთელს მსოფლიოში ქუჩებში გაჟღერებულ მოწოდებებს. ყველა წარმომავლობის, გენდერის და რასის ხალხი გაერთიანდა და მოითხოვა ცვლილებები. პატივი ეცით მათ, პატივი ეცით ჯორჯს და განახორციელეთ საჭირო ცვლილებები"- თქვა მან.

წარმომადგენელთა პალატა ამზადებს კანონმდებლობის პაკეტს, რომლის მიზანია ალაგმოს პოლიციის ძალადობა და რასობრივ ნიადაგზე უსამართლობა.

ყალბი ფულის გამოყენებაში ეჭვმიტანილი ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს გარდაიცვალა მინეაპოლისში, მას შემდეგ, რაც პოლიციის მიერ დაკავებისას მას ერთ-ერთი სამართალდამცველი ცხრა წუთის განმავლობაში აჭერდა კისერზე მუხლს, მიუხედავად იმისა, რომ ფლოიდი დახმარებას ითხოვდა და ამბობდა, რომ ვეღარ სუნთქავდა.

ფლოიდის სიკვდილი უკანასკნელი შემთხვევაა პოლიციის ხელით აფრიკელ ამერიკელთა სიკვდილის სერიიდან, რამაც დასაბამი მისცა ფართო მასშტაბის საპროტესტო გამოსვლებს და გააძლიერა მოწოდებები პოლიციის რეფორმირების აუცილებლობის შესახებ.

საპროტესტო გამოსვლების საპასუხოდ თეთრი სახლიც გეგმავს რეფორმების პაკეტის შემუშავებას, რომლის შესახებაც უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG