Accessibility links

კახეთის რეგიონში „ცხელების ცენტრები“ დაიხურა


ლაგოდეხის კლინიკა, სადაც "ცხელების ცენტრი" იყო გახსნილი

კორონავირუსის პანდემიის გამო, კახეთის რეგიონის კლინიკებში გახსნილი „ცხელების ცენტრები“ გაუქმდა და საავადმყოფოებმა მუშაობა ჩვეული რეჟიმით განაახლეს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, „ცხელების ცენტრების“ გაუქმება რეგიონში კარგი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე გადაწყვიტეს.

„ცხელების ცენტრები“ თელავის, ლაგოდეხისა და საგარეჯოს საავადმყოფოებში იყო გახსნილი და იქ მხოლოდ მომატებული ტემპერატურის მქონე პაციენტებს იღებდნენ.

„ამ საავადმყოფოებში ისევ ზოგადი მიღება იქნება, თუმცა, თუკი ვინმე ცხელებით იქნება, კორონავირუსზე ნიმუშს აუღებენ და გამოსაკვლევად გაიგზავნება“, - განაცხადა ხიზანიშვილმა.

ჯანდაცვის სამინისტრომ საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა კლინიკაში გახსნა „ცხელების ცენტრები“, სადაც მხოლოდ კორონავირუსის ერთ-ერთი მთავარი სიმპტომის - ცხელების მქონე პაციენტებს იღებენ.

რაც შეეხება საკარანტინო ზონებს, კახეთში 4 ასეთი სივრცეა, სადაც ამ ეტაპზე 145 მოქალაქე იმყოფება.

ოფიციალური მონაცემებით, თებერვლის ბოლოდან დღემდე კახეთის რეგიონში აიღეს და „ლუგარის ცენტრში“ გაგზავნეს 4746 ნიმუში. აქედან 1541 მედპერსონალის, 1734 კარანტინის ზონაში მყოფების, 223 შშმ პირების და 33 სატვირთო ავტომანქანების მძღოლების. მათგან კორონავირუსი დაუდასტურდა მხოლოდ ერთ მძღოლს, რომელიც რუსეთში იმყოფებოდა.

კახეთის რეგიონში დღემდე არ ყოფილა კორონავირუსის შიდა გავრცელების არცერთი შემთხვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG