Accessibility links

ზალკალიანი: სირცხვილია ვილაპარაკოთ, რომ ამ ხელისუფლების პარტიის ლიდერს კავშირი აქვს რუსეთთან


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აშშ-ის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის მიმართ არანაირი სანქციები არ იქნება.

დავით ზალკალიანის თქმით, გამოკვლეული იქნება, თუ ვისი რეკომენდაციით აღმოჩნდა ამერიკელი კონგრესმენების ჯგუფის მიერ მომზადებულ დოკუმენტში წინადადება, რომ ბიძინა ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ მონაწილეობს საქართველოში ვითარების დესტაბილიზაციაში.

მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დავით ზალკალიანმა თქვა, რომ ამერიკელი კონგრესმენების განცხადებაზე „ქართული ოცნების“ ოპონენტების, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რეაქციები არის მაგალითი, როგორ ცდილობენ ოპოზიციის წარმომადგენლები პარტნიორების ნათქვამი გამოიყენონ შიდა პოლიტიკური პროცესებისთვის და თარგმნონ, როგორც მათი მხარდაჭერა.

ზალკალიანის განცხადებითვე, კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელების კვლევითი კომიტეტის დოკუმენტს არ აქვს პოლიტიკური ძალა და საკანონმდებლო, ან აღმასრულებელი დანიშნულება და წარმოადგენს მხოლოდ რეკომენდაციებს, რასაც ხელს პატივსაცემი კონგრესმენები აწერენ.

საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ხელმომწერი კონგრესმენებიდან სამს თებერვალში შეხვდა ვაშინგტონში, სადაც მსგავსი რამ არ თქმულა და ისინი საქართველო-ამერიკის პარტნიორობის უმაღლეს დონეს აღნიშნავდნენ.

ზალკალიანის თქმით, თავად ამ მოცულობით დოკუმენტშიც, რომელიც გლობალურ პრობლემებს ეხება, ნათქვამია, რომ თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში ამერიკასთან საქართველოს თანამშრომლობა უმაღლეს ნიშნულზეა.

საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ეს პარტნიორობა უმაღლეს ნიშნულზე აიყვანა სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ: „როგორ შეიძლება საერთოდ, ვისაუბრით იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ პარტიის ლიდერს მიჰყავს ქვეყანა დესტაბილიზაციისკენ და მიჰყავს ქვეყანა რუსეთისკენ, როცა ფაქტები აბსოლუტურად საწინააღმდეგოს მეტყველებენ“.

დავით ზალკალიანმა ასეთ ფაქტებად დაასახელა ევროკავშირის ასოცირებული წევრობა, თავისუფალი ვაჭრობა და უვიზო მიმოსვლა, მნიშვნელოვანი რეზოლუციები, სადაც საუბარია რუსეთის უკანონო ქმედებებზე და ამერიკული საკანონმდებლო აქტები საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის და მხარდაჭერის შესახებ.

„აქედან გამომდინარე, ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტია და საერთოდ, სირცხვილია ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ამ ხელისუფლების პარტიის ლიდერს აქვს კავშირი რუსეთთან და ქვეყანა მიჰყავს დესტაბილიზაციისკენ. მაშინ, როდესაც არასდროს ისეთი სტაბილური საგარეო-პოლიტიკური კუთხით თანამრომლობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან არ ყოფილა“, - განაცხადა ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, კონგრესმენებთან აუცილებლად შედგება დამატებითი კომუნიკაცია და მოიკვლევენ, როგორ და ვისი რეკომენდაციით მოხვდა ეს ერთი აბზაცი მნიშვნელოვან კვლევაში, სადაც საქართველოს მხარდამჭერი სერიოზული დებულებებია.

ჟურნალისტების შეკითხვას, მოსალოდნელია თუ არა, რომ აშშ ბიძინა ივანიშვილს სანქციებს დაუწესებს, დავით ზალკალიანმა უპასუხა: „მინდა დაგამშვიდოთ, შეიძლება არ ვიცი, დაგამწუხროთ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი არ მოხვდება და არანაირი სანქციები არ იქნება მასთან მიმართებაში“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG