Accessibility links

სომხეთისთვის დახმარების საკითხი ჯანდაცვის მინისტრებმა განიხილეს


საქართველო სომხეთს, საჭიროების შემთხვევაში, სასუნთქი აპარატებით და მედპერსონალით დაეხმარება, ასევე შესაძლებელი იქნება ტესტირებისთვის მასალის მიღება. ამის შესახებ საქართველოსა და სომხეთის ჯანდაცვის მინისტრებმა ტელეფონით ისაუბრეს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

"ჩვენი მხრიდან შეთავაზებული იყო სასუნთქი აპარატებით დახმარება, ასევე პერსონალის, რა თქმა უნდა ვინც გამოთქვამს სურვილს ამის შესახებ, სომხეთში გაგზავნა. ასევე შევთავაზეთ, რომ ჩვენი ტესტების მოცულობიდან გამომდინარე შეგვიძლია დავუშვათ საზღვარზე ავაწყოთ ისეთი ლოჯისტიკა, რომ მათ ჰქონდეთ ნაცხების გადმოცემის შესაძლებლობა, იმ შემთხვევაში თუ თავიანთი ლაბოლატორიული სიმძლავრე არ ყოფნით, ჩვენ დავახმართ ჩვენს ლაბოლატორიულ სიმძლავრეს. მინისტრს მოეწონა ეს იდეა თუმცა ჯერჯერობით შევთანხმდით იმაზე, რომ შედგება ორი ქვეყნის სპეციალისტებს შორის კომუნიკაცია და მას შემდეგ გადაწყდება დამატებითი დეტალები“, - აღნიშნა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხურმა მხარემ ქართველ კლინიცისტებთან კომუნიკაციის და მათი მხრიდან გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვა.

„მოგვაწოდა სტატისტიკა თუ რამდენი ადამიანი მკურნალობს ბინაზე, რამდენი გადის სტაციონალურ მკურნალობას, ინფორმაცია მძიმე პაციენტების შესახებ, ასევე რა რაოდენობის პაციენტი საჭიროებს ჟანგბადის მხარდაჭერას. ისინიც კოვიდს ხედავენ, როგორც გლობალურ პრობლემას და ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი არის, რომ ყველა ამ პრობლემის განხილვა მოხდეს კომპლექსურად, რეგიონულ ჭრილში, რადგან ეს არ არის ერთი ქვეყნის გამოწვევა“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისივე ინფორმაციით, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი დაინტერესდა საქართველოს მხრიდან დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ, რა სტარტეგიული გეგმა აქვს საქართველოს შემოდგომაზე, როგორ მინდინარეობს ინფექციის ჯაჭვის კვლევა და სხვა.

საქართვეოლსა და სომხეთს შორის ვიდეო კონფერენცია უახლოეს მომავალში ჩაინიშნა და მასში მონაწილეობას ჯანდაცვის სამინისტროს საკოორდინაციო კომისიისა და კლინიკური ჯგუფის წევრები მიიღებენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ამბობს, რომ სომხეთს, სადაც კორონავირუსის გამო რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა, საქართველო სამედიცინო პერსონალით დაეხმარება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

სომხეთში კორონავირუსის 14 ათასზე მეტი შემთხვევა დადასტურდა ლაბორატორიულად. მათ შორის ბოლო 24 საათში 500-ზე მეტი, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 240-ს აღემატება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG