Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსით ინფიცირებული 3 პირი რესპუბლიკური კლინიკის თანამშრომელია


თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის ინფორმაციით, რესპუბლიკური საავადმყოფოს 3 მედიკოსს კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი სიტყვებით ამჟამად ინფიციების წყაროების მოკვლევა მიმდინარეობს. კლინიკაში ერთ ექიმს COVID-19 გუშინ დაუდასტურდა.

„სამედიცინო პერსონალიდან 4-ს დაუდასტურდა კოვიდინფექცია, ეს მოხდა გუშინ პირველი შემთხვევა და დღეს კიდევ 3 დაემატა. ჩვენ მუდმივარდ ვატარებდით გეგმურად PCR ტესტირებას მთელი პერსონალის, ახალი დამთავრებული გვქონდა, სრულად გატესტილი გვყავდა და ყველა ნეგატიური იყო, ახლა თავიდან დავიწყეთ და გავტესტავთ მედპერსონალს იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ გავრცელება”, - განაცხადა ლევან გოფოძემ.

მისი თქმით, ამჟამად ძნელი სათქმელია ვინ არის ინფიცირების წყარო

„წყაროს თქმა ძალიან ძნელია. პირველი, ვისაც დაუდასტურდა, ეს იყო კორიდორის დამლაგებელი და მას უშუალოდ პაციენტებთან შეხება არ ჰქონია, მაგრამ საიდან მოვიდა, ამის ძებნა ჩვენთვის ძალიან ძნელია. ამაზე NCDC მუშაობს, იკვლევს მათ კონტაქტებს და შემდგომში კონტაქტების შემოწმების შემდგომ ვნახავთ, საიდან მოხდა დაინფიცირება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, შეიძლება ითქვას, რომ ნაკლები სიმპტომები აქვთ. ერთადერთი, პირველად ვისაც დაუდასტურდა, მას ჰქონდა ცხელება 37.2, დანარჩენებს ცხელებაც არ უფიქსირდებათ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, ისინი ჩვენთან დაკვირვების ქვეშ იქნებიან. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად იქნეს გამოკვლეული კლინიკაში მომუშავე მედპერსონალი, თავისი ადმინისტრაციის ჩათვლით, ამის შემდგომ გვეცოდინება, რა კონდიციაშია ჩვენი სტაფი“, -განაცხადა ლევან გოფოძემ.

სულ ინფიცირებული რესპუბლიკური საავადმყოფოს 4 თანამშრომელი. ორი სანიტარი და ექთანი, რომელიც რეანიმაციაში მუშაობდა. გუშინ ერთ სანიტარს ასევე დაუდასტურდა კორონავირუსი.

ახალი კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 11 ივნისს შუა დღისთვის კიდევ 3-ით გაიზარდა და 831 შეადგინა.

ინფორმაცია ამის შესახებ ოფიციალურ საიტზე STOPCOV.GE-აისახა. ამ დროისათვის უცვლელი რჩება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 694. COVID-19-ით გარდაცვლილია 13 ადამიანი.

ოფიციალური მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 3 213, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ-303, ხოლო უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG