Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

EMC და საია შრომის რეფორმის დაჩქარებას ითხოვენ


არასამთავრობო ორგანიზაციები EMC-„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ და საია - „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ დააჩქაროს საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილი იმ კანონპროექტების განხილვა, რომელიც მოიცავს მშრომელთა უფლებების მნიშვნელოვან გარანტიებსა და შრომის კანონმდებლობის ეფექტური აღსრულებისთვის აუცილებელ საკანონმდებლო ცვლილებებს.

„წლების განმავლობაში, საქართველოში უცვლელად მძიმეა დასაქმებულთა მდგომარეობა; მასობრივად ირღვევა მშრომელთა უფლებები; ღირსების შემლახავი და სახიფათო სამუშაო გარემო ბევრი დასაქმებულის ყოველდღიურობაა; სამუშაო ადგილზე სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის გარანტიებს ვერ ქმნის ინსტიტუციურად სუსტი შრომის ინსპექტირების მექანიზმი; არარეგულირებული სამუშაო დრო, არაანაზღაურებადი ზეგანაკვეთური შრომა, დასვენებისა და შესვენების გარეშე მუშაობა, სისტემატური პრაქტიკაა; დასაქმებულთა დაუცველობის მასშტაბს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისი, რის გამოც რიგი დამსაქმებლების გადაწყვეტილებით, უამრავი ადამიანი დარჩა ანაზღაურებისა თუ სამუშაოს გარეშე“, - წერენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

მათი შეფასებით, შრომითი ურთიერთობების საკანონმდებლო მოწესრიგება ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით დასაქმებულთა უფლებების სრულყოფილ დაცვას და რეგულირების მიღმა ტოვებს თვითდასაქმებულთა და არაფორმალურად დასაქმებულთა უზარმაზარ სექტორს. ორგანიზაციების თანახმად, პრობლემაა ასევე შრომის კანონმდებლობის აღსრულება.

EMC და საია არსებულ ვითარებაში მიიჩნევენ, რომ ცალკეული ხარვეზების მიუხედავად, პარლამენტში წარდგენილ კანოპნპროექტებს დიდწილად შეუძლიათ პრობლემების მოგვარება:

„კანონპროექტებით გათვალისწინებულია სამუშაო დროის, ზეგანაკვეთური სამუშაოს, სტაჟირების, არასრული განაკვეთის, სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციისგან დაცვის რეგულირება და მშრომელების დაცვისთვის აუცილებელი სხვა მნიშვნელოვანი დებულებები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იზრდება შრომის ინსპექციის მანდატი და მოიცავს შრომითი უფლებების სრულყოფილი მონიტორინგის შესაძლებლობებსა და დარღვევებზე სანქცირების უფლებას, რაც შრომითი კანონმდებლობის აღსრულებისა და სამუშაო ადგილებზე დაშავებისა და დაზიანების პრევენციისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ერთობლივი განცხადებით ორგანიზაციები ეხმიანებიან ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, სამუშაო ადგილზე 3 ადამიანის დაღუპვის ფაქტსა და ტყიბულის ნახშირმომპოვებელ საწარმოში სიცოცხლისათვის საშიში შრომითი პირობების გამო მომხდარ მორიგ ინციდენტს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG